მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ადეკვატური მოცულობის რეზერვები ამცირებს ქვეყნის რისკიანობას და კრიზისების ალბათობას"

5c5bcd6f3ffff
თელარა გელანტია
07.02.19 10:30
1039
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის. ამის შესახებ თებერვლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელობას და სავალუტო ოფციონებს, როგორც ახალ ინსტრუმენტს, ცალკე ჩანართი ეთმობა.

„2019 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ინსტრუმენტით - სავალუტო ოფციონებით ვაჭრობას იწყებს. სავალუტო ოფციონი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მფლობელს აძლევს უფლებას და არა ვალდებულებას განახორციელოს ვალუტის გადაცვლა წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. საქართველოს ეროვნული ბანკი წლის მანძილზე ყოველთვე გაყიდის ერთთვიან ოფციონს 50 მლნ ლარის ყიდვის უფლებით. თუმცა, ბაზრის პირობების ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა აღნიშნული მოცულობის დაკორექტირებაც. ოფციონი მფლობელს უფლებას აძლევს, იყიდოს ლარი (აშშ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით) ეროვნული ბანკისგან წინასწარგანსაზღვრული ვადის ამოწურვამდე და ავალდებულებს ეროვნულ ბანკს გაყიდოს ლარი ოფციონის მფლობელზე“ - წერია ანგარიშში.

ჩანართში განმარტებულია, რომ სავალუტო ოფციონებით მინიჭებული უფლების გამოყენებისას ვალუტის გადაცვლა მოხდება იმავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით (strike price), რომელიც პრაქტიკულად წინა დღის საბაზრო გაცვლითი კურსია.

„აღნიშნულის შედეგად, საერთაშორისო რეზერვების შევსება მოხდება ავტომატურად მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ამასთან, ტრადიციული ოფციონებისაგან განსხვავებით, აღნიშნული სავალუტო ოფციონის უფლებით სარგებლობა მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ გაცვლითი კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია. ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს, რომ რეზერვების შევსება არ მოხდეს გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დროს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სებ-ის შეფასებითვე, საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია, ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის.

„როგორც ამას საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მოწმობს, ადეკვატური მოცულობის რეზერვების არსებობა ამცირებს ქვეყნის რისკიანობასა და კრიზისების ალბათობას. საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე და ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. ბაზარზე მიმდინარე მოვლენებისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მოცულობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა წინასწარ გამოცხადებული აუქციონზე გასაყიდი სავალუტო ოფციონის მოცულობა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს“ - აცხადებენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები