მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადგილობრივ ავიარეისების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს "აკ-ეარ ჯორჯია" მონაწილეობას მიიღებს

5b431dc80e59a
მაია ბიწაძე
09.07.18 12:31
17511
შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულო ტენდერში მონაწილეობას აპირებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ამირამ მანჯავიძემ განუცხადა. როგორც მანჯავიძე ამბობს, სატენდერო პირობები მათი ავიაკომპანიისთვის მისაღებია. ამჟამად აღნიშნულ რეისებს საქართველოს რეგიონებში სწორედ შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ ასრულებს.

,, ტენდერის პირობები ნორმალურია და ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ. რეისების რაოდენობის შედგენისას, ალბათ გაზრდილი ტურისტული ნაკადისა და ბაზრის მზარდი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე იხელმძღვანელეს. შესაბამისად, იმ რაოდენობასთან შედარებით, რასაც ეხლა ვასრულებთ, სატენდერო პირობებით მოცემული სიხშირეების რაოდენობა ბევრად მეტია, თუმცა ეს პირობა სავალდებულო არ არის. რეალურად რაც იქნება მოთხოვნა, იმ რაოდენობის რეისი შესრულდება და გადახდაც შესაბამისად მოხდება“ - განაცხადა ამირან მანჯავიძემ. მისივე განმარტებით, ის თანხა, რაც სატენდერო პირობების მიხედვით 4 წელზე უნდა გაიწეროს, არ არის დიდი.

,, ტენდერის პირობებში ყველა რეისის მიმართულებაზე რეისის საფასური მითითებულია, ეს 50 მილიონი ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ რეალურად მინიმალური თანხებია, მაგალითად თბილისი-ბათუმის რეისის ასანაზღაურებელი თანხა, ორივე მიმართულებით, 5300 დოლარის ექვივალენტია ლარებში“ - განაცხადა ამირან მანჯავიძემ. რაც შეეხება კონკურენტს, თუ ვინ შეიძლება მათ გარდა ტენდერში მონაწილეობა მიიღოს, როგორც მანჯავიძე განმარტავს, ამ ეტაპზე არ იციან.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი 4 წლით 49,672,332.00 ლარზე გამოაცხადდა.

მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია - ქუთაისი - მესტია, ნატახტარი-მესტია - ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.

სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით.

მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების ატვირთვა 12 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.procurement.gov.ge/ ელექტრონული წესით შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები