ადგილობრივ ბაზარზე ცენტრიდან გამოყვანილ ახალ ელექტრომობილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული Audi-ის e-tron სერიაა, - აცხადებს Iberia Business Group-ის დამფუძნებელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.
IBG ჰოლდინგი საქართველოში ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: Volkswagen, Audi, Skoda, Kia და Mitsubishi.
„საქმიან დილაში“ საუბრისას ტარიელ ხეჩიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელექტრომობილებთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ ავტოსერვისის უზრუნველყოფა, რისთვისაც Audi-ს ქართული წარმომადგენლობა სრულ მზადყოფნაშია.
„ელექტრომობილებიდან ჩვენს ჯგუფში ყველაზე დიდი მოთხოვნა Audi-ს e-tron-ებზეა. მოგვეცა საშუალება და ჩვენ რეგიონში პირველებმა შევძელით ამ სერიის ელექტრომობილების ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა.
EV-ის ტიპის ავტომობილებთან მიმართებით მოთხოვნაც, მომხმარებლის კულტურაც და სერვისიც აბსოლუტურად განსხვავებულია და ჩვენ ამ ყველაფრისთვის სათანადოდ მომზადებულნი ვართ.
აგრეთვე დიდი მოთხოვნაა Volkswagen-ის ელექტრომობილებზეც, მაგრამ ჩვენ ID სერია იქამდე არ შემოგვყავს, სანამ საგარანტიო პირობებს სრულად არ მივიღებთ. აქვე მინდა მომხმარებელი საქმის კურსში იყოს - მანქანას, რომელსაც არაოფიციალური დილერისგან ყიდულობთ, თუკი საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრომობილებთან მიმართებით, შესაძლოა, თქვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ. როგორ კი VW-ს მხრიდან ელექტრომობილებთან მიმართებით სრული გარანტია გვექნება, ჩვენ საქართველოში ID სერიის მოდელებსაც შემოვიყვანთ“, - აცხადებს Iberia Business Group-ის დამფუძნებელი.