ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მათი პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია.
როგორც “ფაფრის ველის” დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ BMG-სთან განაცხადა, შიდა ბაზარზე რეალიზაციის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტურისტების გეოგრაფიის ცვლილება და საქართველოში დასავლელი ვიზიტორების სიმცირეა.
შალვა ქურდაძე ამბობს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სარესტორნო ბიზნესში შემცირებაა, რაც შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაციაზეც ნეგატიურად აისახება. მისი თქმით, ამ ეტაპზე “ფაფრის ველი” აქცენტს ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე აკეთებს
“ჩვენს კომპანიას გვაწუხებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შემცირებულია, იმიტომ, რომ კატასტროფულად არის შემცირებული რესტორნების ბიზნესი, ხარისხიანი ტურისტები არ შემოდიან ქვეყანაში, ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან და რუსეთიდან არიან ვიზიტორები და ფაქტობრივად განახევრებულია [ღვინის გაყიდვები]. ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს შიდა ბაზარზე გაყიდვებზე, თუმცა რაღაც რაოდენობა იყიდებოდა, დაახლოებით 15-20% და ახლა ესეც შემცირებულია. იმ მეღვინეებისთვის, ვინც შიდა ბაზარზე გაყიდვებზე არიან ორიენტირებულები, მათთვის ძალიან ცუდი სიტუაციაა, სამწუხარო რეალობაა ეს.
ორჯერ შემცირებულია ჩვენს შემთხვევაში ღვინის გაყიდვები. ეს ჩვენთვის კატასტროფა არაა, იმიტომ რომ ძირითადად ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. მაგრამ რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია, ესეც თანხაში გვაკლდება. სამი-ოთხი წლის მაჩვენებელს თუ შევადარებ, ალბათ დაახლოებით 80-იანი ვარდნაა შიდა ბაზარზე. ორი მიზეზია - პირველ რიგში, ხარისხიანი ტურისტები არ შემოდიან, მეორე - მოსახლეობის დიდი ნაწილის მსყიდველუნარიანობა ალბათ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.



























