მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივ ბაზარზე თხილის ფასი შემცირებულია

BM.GE
22.03.22 12:56
590
ამჟამად, ქართულ ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი, ხარისხის გათვალისწინებით, დაახლოებით ოთხი-ხუთი ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 30-35%-ით ნაკლებია. ფასების შემცირების მთავარ მიზეზად თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა BMG-სთან საუბრისას თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, ლირა თითქმის 90%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, თურქულ ბაზარზე თხილის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თურქეთს კი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვს, რადგან ის თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსავლის უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია და ქვეყანას ექსპორტზე გასატანად საერთო მოცულობის დაახლოებით 30% აქვს დარჩენილი, რომლის დიდი ნაწილიც მაღალ ხარისხობრივ კატეგორიას განეკუთვნება. რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელია ფაქტორია მეტეოროლოგიური პირობები და ყინვა, რომელიც გავლენას იქონიებს თხილის მოსავალსა და ფასებზე. თუკი თურქეთში ყინვით მიყენებული ზარალი მაღალი იქნება ამან, შესაძლოა, მომავალ წელს ფასების ზრდა გამოიწვიოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თხილი საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორისაა. გასულ წელს ქვეყანამ თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტისგან 118 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები