„ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის ზრდა ძირითადში განპირობებულია მოთხოვნის გაზრდით და დეფიციტით“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გელა ხანიშვილი სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქციაზე ფასების ზრდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს.
„რეალურად, ჩვენ ფასის ზრდა შეიძლება გვაქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულება კურსზე ნაკლებია, რადგან ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია მოთხოვნის გაზრდით და პროდუქციის დეფიციტით. ბადრიჯანი, რომელიც ნაწარმოებია ლაგოდეხში ან თუნდაც ქართლში, რომლის მოყვანის ძირითადი ხარჯი არის ლარში გაწეული, არ შეიძლება კურსის გამო მერყეობდეს და ფასი იზრდებოდეს.
პრობლემა ჩვენ გვაქვს იმაში, რომ ვაწარმოოთ მეტი ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქცია, რათა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.
მიწოდება იზრდება, მუდმივად გვეზრდება ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყანაში, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა და ვერ მიზდევს მოთხოვნას წარმოება, ამიტომ მთავრობის ინტერესია, რომ გავზარდოთ და ვზრდით კიდეც წარმოების მოცულობას“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.
მისი თქმით, იმისთვის, რომ კურსის ცვლილება ნაკლებად აისახოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე.
„ჩვენ ძალიან მკვეთრად შევამცირეთ იმპორტზე დამოკიდებულება, 2012 წლის მერე საერთოდ არ გაზრდილა იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის მოცულობა და იგივე ნიშნულზეა. იმ დროს, როცა ქვეყანაში წარმოებლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა თითქმის 70-80%-ით 2012 წელთან შედარებით“, - აცხადებს ხანიშვილი.

























