მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივები VS უცხოელი ინსტრუქტორები - რა ხდება გუდაურში?

63c7f96d75fe9
მარიამ ვარადაშვილი
18.01.23 19:00
5044
ავსტრალიური გამოცემა ABC Australia წერს, რომ გუდაურში ადგილობრივები საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორების მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

გამოცემის ინფორმაციითვე, ათობით უცხოელს, მათ შორის ავსტრალიის მოქალაქეებს, ადგილობრივები აშინებენ, სიტყვიერად ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ საქართველოში მუშაობის უფლება არ აქვთ.

გამოცემა წერს, რომ მუქარის ფაქტები ავსტრალიის სამი მოქალაქისგან შეიტყვეს, რომელთაც ვინაობის გამხლა არ ისურვეს. მათი განცხადებით, გუდაურში მთელი საკურორტო სეზონის მანძილზე სურთ დარჩენა, თუმცა ვინაიდან მუშაობისა და ფულის გამომუშავების საშუალება არ აქვთ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ. ისინი ABC Australia-ს ეუბნებიან, რომ ამ ფაქტზე ადგილობრივ პოლიციასაც მიმართეს, თუმცა პრობლემა მაინც არ აღმოიფხვრა. პოლიციის გარდა, მათ საელჩოებსაც მიმართეს.

“შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საერთაშორისოდ აღირებული კვალიფიკაციისა და მუშაობის უფლების ქონის მიუხედავად, უსაფრთხოების გარანტიებს ვერ ვიღებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ვიმუშაოთ”,-წერია მიმართვაში.

bm.ge საკითხით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია, თუ რა პოზიციაა როგორც ოფიციალურ უწყებებში, ისე თავად ინსტრუქტორებს შორის.

სათხილამურო კლუბ „გუდაურას“ მთავარი მწვრთნელი შალვა აბრამიშვილი Facebook-ზე წერს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ინსტრუქტორებს ყოველგვარი კონტროლის გარეშე ეძლევათ მუშაობის უფლება, შესაბამისად, ქართველი კონსტრუქტორების პროტესტი სამართლიანია.

“უკვე ორი კვირაა ქართველი ინსტრუქტორების უდიდესი ნაწილი გამოხატავს პროტესტს იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (ისრაელი, უკრაინა, რუსეთი და ა.შ ) აბსოლუტურად ყველანაირი კონტროლის გარეშე ეძლევათ უფლება, იმუშაონ სათხილამურო ინსტრუქტორებად გუდაურში. პროტესტს გააჩნია საფუძველი და შესაბამისად მიზანი. აქტიურად მიდის მუშაობა სამთავრობო უწყებებთან და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ყველაფერი დალაგდეს ისე, როგორც ევროპაშია”, - წერს ის.

BMG-თან საუბრისას სათხილამურო გამყოლი პაატა ღლონტი ამბობს, რომ საერთაშორისო ინსტრუქტორების პრობლემა გასულ წლებშიც არსებობდა, თუმცა წელს პრობლემა გაღრმავდა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და შეიქმნას კონკრეტული კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილების შემდეგაც ინსტრუქტორად მუშაობის უფლება გაიცემა. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები გუდაურის საკურორტო იმიჯს აზიანებს.

“ადგილობრივ მოსახლეობას ამ ოდენობის უცხოელი ინსტრუქტორების შემოსვლა არ სურს. სწორედ ამას სჭირდება კონტროლირება და სერტიფიცირება, რადგან ბოლო წლებში ინსტრუქტორების დიდი ნაკადი შემოვიდა, რომელთა შორის შესაძლოა ისეთებიც იყვნენ, საერთოდ რომ არ აქვთ სერტიფიკატი. ამ პროცესის უკონტროლობამ ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ბოიკოტს უცხადებენ ამ პროცესს, ვიდეოებიც გავრცელდა. მგონია, რომ ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. ამ ადამიანებს პურის ფული შემოაკლდათ, რის გამოც გაღიზიანებულები არიან”,-ამბობს პაატა ღლონტი.


BMG საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში მხოლოდ საბაგიროების და სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობა და განვითარება შედის. 

ჩვენ ასევე დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ველით. მათი კომენტარის შემთხვევაში მასალა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები