მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი და იმპორტირებული თამბაქოს დიფერენცირებული აქციზი საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება - JTI

სიგარეტი

თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია JTI კავკასიაში აცხადებენ, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი ინდუსტრიის დიფერენცირებული დაბეგვრის რეჟიმი აქციზის განაკვეთის ნაწილში, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზური მარკა ამჟამად არსებული 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება - ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტი. ამავე ინიციატივით, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის სიგარეტის აქციზი კოლოფზე 1.9 ლარიდან 1.3 ლარამდე მცირდება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების მიზანს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს.

როგორც BMG-ის JTI საქართველოს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორმა, ალექსანდრე ავაზაშვილმა განუცხადა, გასული წლების მსგავსად, თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის მოლოდინი წელსაც არსებობდა. თუმცა ამ შემთხვევაში შემუშავებული პროექტი საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

„საქართველოში ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტისთვის აქციზის განაკვეთები გათანაბრებულია 2010 წლის პირველი იანვრიდან, ანუ უკვე 15 წელია რაც ასეა. გავეცანი გამოქვეყნებულ პროექტს და მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის აქციზი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის უფრო დაბალი, ვიდრე იმპორტისთვის.

ამას ემატება ისიც, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს, როცა საქართველო წევრიანდებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ აქციზები ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და იმპორტიორებისთვის იქნებოდა გათანაბრებული და არ იქნებოდა პრეფერენციული მიდგომა. ამას შემიძლია კიდევ ის დავამატო, რომ საქართველოს გაფორმებული აქვს მრავალ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ არცერთი მხარე არ დააწესებს ადგილობრივ გადასახადებს ან მოსაკრებლებს, პირდაპირ ან ირიბად, რომელიც აღემატება შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს ანალოგიურ, ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე, ადგილობრივ პროდუქციაზე“, - განაცხადა ალექსანდრე ავაზაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, კონკრეტულად რა მოცულობით გაიზრდება იმპორტირებული სიგარეტის ღირებულება მომავალი წლიდან, ამ საკითზე კომპანიაში ჯერჯერობით კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებენ.

„რა თქმა უნდა, აქციზის განაკვეთი ისახება ჩვენი პროდუქციის ფასზე... თუმცა აქციზი არის მხოლოდ ერთი კომპონენტი, იმიტომ, რომ თამბაქოს ბაზარზე არიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ. ანუ, აქციზი არის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი, რომელიც მოქმედებს ფასებზე. თუმცა, ამას თუ დავუმატებთ კიდევ დამატებითი ღირებულების გადასახადს, გამოდის 70%-ზე მეტი, რომელიც თითო სიგარეტის კოლოფის ფასიდან სახელმწიფოს გადასახადების სახით მიაქვს“, - აღნიშნა ალექსანდრე ავაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები