მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადგილობრივი წარმოების ჯაჭვის გაძლიერება პროდუქტს ქართველი მომხმარებლისთვის გააიაფებს - არჩილ ბაკურაძე

არჩილ ბაკურაძე

მიკრობანკ “კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არჩილ ბაკურაძე მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორის მხრიდან აგროსექტორის ფინანსური მხარდაჭერა, ადგილობრივი წარმოების ჯაჭვის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ინფლაციის ტემპი საქართველოში, დიდწილად, სასურსათო სექტორზეა დამოკიდებული, რაც ხაზს უსვამს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობას და პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასთან.

“ცოტა უცნაურია, რომ საქართველოში მაინც ვერ მოხერხდა სასურსათო კალათის ფასების დასტაბილურება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი სექტორის მნიშვნელობაზე, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ქართველ ფერმერებთან. ამ სექტორის ხელშეწყობა დაკავშირებულია სურსათის წარმოების ეფექტურობასა და ფასების კონკურენციასთან, რაც არა მხოლოდ ინფლაციას, არამედ ტურიზმსა და სხვა დარგებსაც ემსახურება“, - ამბობს ბაკურაძე.

მისივე თქმით, „კრისტალის“ პრიორიტეტად კვლავ აგრო და სასურსათო მიმართულება რჩება, რადგან ადგილობრივი წარმოების ჯაჭვის გაძლიერება პროდუქტს ქართველი მომხმარებლისთვის გააიაფებს და საექსპორტო პოტენციალს გაზრდის.

ბაკურაძემ აღნიშნა, რომ ინფლაციისა და რეფინანსირების განაკვეთის გამო, გასული წლის დასაწყისში, მოზიდულ სახსრებზე საპროცენტო განაკვეთები მაღალი იყო, თუმცა ამჟამად, ვითარება დასტაბილურებულია და ის კვლავ, დიდწილად, დამოკიდებულია ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე.

„ჩვენი მისია და ჩანაფიქრია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში „კრისტალი“ იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი მოთამაშე - რეალური ქართული ბანკი ქართული ბიზნესისთვის. ვმუშაობთ საკუთარ კაპიტალზე და მომავალში განვიხილავთ ბანკის გამსხვილებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაფართოებას“, - აღნიშნა “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები