სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 121.7 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 11.9 ლარით და 110.5 ლარს უტოლდება.
საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯები კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:
ვიზიტებისას გაწეული 121.7 მილიონი ლარის საშუალო თვიური ხარჯიდან 41.2 მილიონი ლარი საყიდლებზე მოდის. ერთ ვიზიტზე ადგილობრივები საშუალოდ 37,4 ლარს ხარჯავდნენ.
მეორე ადგილზეა სასმელებისა და საკვების მიზნით განხორციელებული ვიზიტები. ამ მიზნით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივმა ვიზიტორებმა საშუალოდ 25,9 მილიონი ლარი დახარჯეს. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 23.5 ლარია.
მესამე ადგილზეა ტრანსპორტი. გადაადგილებაზე ვიზიტორებმა საშუალოდ 13,7 მილიონი ლარის ხარჯი გასწიეს. ერთი ვიზიტისთვის ტრანსპორტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი საშულოდ 21.6 ლარია.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯა განთავსებაზე. საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 4,1 ლარი შეადგინა.
გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ მიზნით ერთ ვიზიტზე გაწეული ხარჯი 2.1 ლარია.
სხვა ხარჯებს ადგილობრივი ვიზიტორების გაღებული 24.1 მილიონი ლარი მოხმარდა. ხარჯმა ვიზიტზე საშუალოდ 21.9 ლარი შეადგინა.
2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 918.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 11.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებს.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 470.8 ათასით განისაზღვრა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.4 პროცენტს შეადგენდა.

























