ცოდნის დეფიციტი და კოოპერაციის ნაკლები უნარი - ეს ის ორი მთავარი ბარიერია, რაც ბექა გონაშვილის შეფასებით, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო, საქართველოში მეცხვარეობის განვითარებას ხელს უშლის.
მეცხვარეობის დარგის გამოწვევებზე ბექა გონაშვილმა, რომლის კომპანიაც ცხვრის ერთ-ერთი ექსპორტიორია, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„თუ დარგის განვითარება გვინდა, მეცხვარე უნდა იქცეს ბიზნესმენად... დღეს ვხედავთ, რომ მეცხვარეები ამ საქმიდან გადიან, რადგან ძალიან შრომატევადია და ამავდროულად - ნაკლებად შემოსავლიანი. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ მეცხვარე მთაშია წამოგორებული, მაგრამ თუნდაც ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, წარმოიდგინეთ სოციალური კავშირის და ოჯახის წევრების გარეშე თვეები უნდა იყო, ეს დიდი შრომაა და ბევრ ხიფათთანაა დაკავშირებული, ამიტომ მეცხვარეობას ტოვებენ ადამიანები; მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარგი უნდა ჩამოიშალოს, პირიქით, ვფიქრობ, საჭიროა, შევხედოთ როგორ ბიზნესს. რა სჭირდება მეცხვარეობას განვითარებისთვის? - მთავარია, კოოპერაცია, რაც გვიჭირს. ჩვენთან კოოპერაციას როგორც კი ახსენებ, რატომღაც კოლექტივის ასოციაცია ჩნდება და ჰგონიათ, რომ ვინც [კოოპერაციაში] ლიდერი იქნება, ის მეცხვარისგან აუცილებლად წაიღებს ცხვარს ან ორ გუდა ყველს და არ ფიქრობენ იმაზე, თავად კოოპერაციამ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოთ. ზოგადად, კოოპერატივებში ხალხი იმის გამო გაერთიანდა, რომ სახელმწიფო ტრაქტორს აძლევდა, მერე კი, დაიშალნენ... თუ ამ ბარიერს ვერ გადავლახავთ და ერთმანეთის მიმართ ნდობა არ ჩამოგვიყალიბდება, არაფერი გამოვა“, - თქვა ბექა გონაშვილმა „წერტილში“, სადაც არაერთხელ გაუსვა ხაზი კოოპერაციის მნიშვნელობას, როცა პოტენციურ პარტნიორებთან ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდებას ცოდნა სჭირდება... თუ ჩვენ ყოველთვის ემოციებით გავაგრძელებთ მუშაობას და ფაქტია, დღეს ემოციები მართავს სოფლის მეურნეობას, ერთხელაც ემოცია ჩაქრება და ფატალურ შედეგს მივიღებთ“, - დასძინა მეწარმემ.
დღეს, განვითარების რა ფაზაშია ქართული მეცხვარეობა? - ვკითხეთ ბექა გონაშვილს, რომლის ინფორმაციით, 2014 წლის მოსახლეობით აღწერით, 11 000-მდე ადამიანი იყო მეცხვარეობაში ჩართული.
„განსხვავება ისაა, რომ ქალამნის მაგივრად „ადიდასი“ გვაცვია და მობილური გვაქვს. სხვა რა განსხვავებაა?! მე-18 საუკუნის მეცხვარესა და დღევანდელ ქართველ მეცხვარეებს შორის არაფერია განსხვავება“ - განაცხადა მან.
ბექა გონაშვილის თქმითვე, საქართველოში მეცხვარეების უმეტესობა ოჯახით არის ცხვარში, რადგან სხვა შემთხვევაში, შემოსავალი ხარჯებს ვერ დაფარავს.
„თუ ოჯახით არ არიან ცხვარში, ვერ დაფარავენ ხარჯებს. ეკონომიკური მიდგომით რომ დავთვალოთ, ოჯახის წევრები უფასო მუშა ხელი არ უნდა იყოს, მაგრამ ასე გამოდის“, - დასძინა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ცხვრის ექსპორტის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ ცოცხალი ცხვრების ექსპორტით 6.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე ნაკლებია. შარშან იანვარ-ივლისში საქართველომ 7,504,400 დოლარის ცოცხალი ცხვარი გაყიდა. წელს, ქართული ცხვრების მთავარი საექსპორტო ბაზრები საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი და ქუვეითი იყო.
ბექა გონაშვილის პროგნოზით, ცხვრის ცოცხალი წონის ფასი ახლა 8-9 ლარამდეა და ვარაუდობს, რომ მოთხოვნა უფრო გაიზრდება.
„ზაფხულში, არაბულ ქვეყნებშიც დავარდნილია მოთხოვნა, რადგან სიცხეა და ყველა ცდილობს კურორტზე ან სხვა ქვეყნებში წავიდეს, ამიტომ როცა ბრუნდებიან, სექტემბერ-ოქტომბერში, მერე ისევ იზრდება მოთხოვნა“, - თქვა მეწარმემ.




























