სასტუმროების ბიზნესში სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ’’საქმიან დილასთან“ Adjara Group Hospitality-ის გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია საუბრობს.
- ბატონო ვალერი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სოფლის მეურნეობა, რადგან ის პირდაპირ ტურიზმს უკავშირდება?
- სასტუმრო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა დღეს საქართველოში. ამას ეკონომიკური სტატისტიკა მოწმობს. დაახლოებით 5-6 წელია, რაც ყოველწლიური ზრდა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად ჩვენც, ამ ყველაფერს პულსზე ხელის ჭერით ვაკვირდებით და ამ მიმართულებას ვავითარებთ. დღეს ჩვენ ჯგუფს ოთხი სასტუმრო აქვს და წელს კიდევ ორი ემატება. თუმცა, ამ სტატისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა შეიძლება მომხმარებელს შესთავაზო, რადგან მას ახალი პროდუქტი უნდა აჩვენო, რომ მეტი ტურისტი მოიზიდო ქვეყანაში. ვერ წარმომიდგენია სასტუმრო ბიზნესის განვითარება, ქართული სამზარეულოს განვითარების გარეშე. ჩვენ ქართული საჭმელი უნდა განვავითაროთ. ეს იმას გულისხმობს, რომ ქართული კერძები გავათანამედროვოთ და მომხმარებელს შევთავაზოთ. ეს ის სფეროა, რაზეც ქართული ტურიზმის განვითარების მომავალს ვუყუროთ, ვუყუროთ, როგორც ახალი დამსვენებლის, ბიზნეს ტურისტის მიზანს საქართველოში ჩამოსასვლელად. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უპირატესობას ქართულ პროდუქტს ვანიჭებთ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტი, რომელსაც ჩვენ რესტორნებში და სხვადასხვა საკვებ ობიექტებში ვიყენებთ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტი იყოს.
- მენიუშიც მითითებული გაქვთ რომ პროდუქტი ქართულია?
- რა თქმა უნდა, ფერმერებიც გვიწერია, რადგან ამის პოპულარიზაციის გარეშე ჩვენი განვითარებაც გამორიცხულია. ამაში დიდი დახმარება და გვერდში დგომა გვაქვს ფერმერთა ასოციაციის მხრიდან, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ პოპულარული უნდა გავხადოთ ქართული პროდუქტი, ასევე ფერმერის პოპულარობას ვუწყობთ ხელს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი შრომას დებენ. უცხოელი ტურისტებისთვის ნამდვილ ისტორიებზე დაფუძნებული საბოლოო პროდუქტი, რომელიც შემდეგ მათთვის მაგიდაზე მოდის, კიდევ უფრო გემრიელია და სხვა დამოკიდებულებით ეკიდებიან. ამ ყველაფრით კი ჩვენ კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს ვიზიდავთ.
- თქვენ, როგორც ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეები, შემსყიდველები როგორ ფიქრობთ, რა კუთხით უნდა წავიდეს ეს მიმართულება, რომ თქვენც კმაყოფილი იყოთ, ფასებიც სტაბილური იყოს, მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩეს და რა თქმა უნდა, მეტი ინვესტორი და სტუმარი მოვიზიდოთ ქვეყანაში?
- უპირველესად, ჩვენთვის მთავარია მოწოდება სტაბილური იყოს. ჩვენ კომპანიები, დიდი სასტუმროები და ქსელები მზად ვართ, რომ ცოტა კიდევ უფრო ძვირი გადავიხადოთ იმ პროდუქტში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ოღონდ იყოს ნამდვილად სწორად მოწოდებული და ნატურალური, ხარისხიანი ქართული პროდუქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქართველი მომხმარებელი ძალიან გაიზარდა, რომელიც ძალიან პრეტენზიული და აქტიური მომხმარებელია ქართული პროდუქციის. აქედან გამომდინარე, მთავარია იდენტიფიცირება მოხდეს რა რაოდენობის პროდუქტი რა სეზონზე გვჭირდება, რადგან ყველაზე მეტად ამ საკითხს ვეჯახებით. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პრობლემების წინაშე დგანან სხვა დიდი სასტუმროები და საკვები ობიექტები და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვჭამოთ ქართული. ამისათვის კი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს რა სეზონზე რა რაოდენობის პროდუქტის გაყიდვა შეიძლება ბაზარზე ფერმერების მხრიდან. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობის წინაშე ვდგევართ და ხშირად არაქართულ პროდუქციას ვყიდულობთ.

























