მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადრე, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" უფრო სწრაფად და მოქნილად მოქმედებდა" - კოტეჯების მწარმოებელი

სამეგრელო ჯგუფი

სამეგრელოში, ზუგდიდში მდებარე ხის კოტეჯებისა და სახლების საწარმო „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფს“ მიმდინარე წელს კონვეიერული მიმართულების ამოქმედებისთვის, სააგენტოში "აწარმოე საქართველოში" განაცხადი აქვს შეტანილი, თუმცა როგორც ბიზნესის დამფუძნებელმა, გიორგი შამუგიამ BM.GE-სთან ისაუბრა, პროცესები გაჭიანურებულია. მისივე თქმით, ხის კოტეჯების წარმოების ამოქმედებისთვის 40 000 ლარის ინვესტიცია სჭირდება.

როგორც გიორგი შამუგია ამბობს, სააგენტოში შესაბამისი განცხადება ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდათ შეტანილი. თუმცა, მისივე თქმით, ადრე თუ "აწარმოე საქართველოში" მოქნილად და სწრაფად მოქმედებდა, ახლა ასე აღარ არის და ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ სააგენტოს შეიძლება ფინანსური პრობლემებიც ჰქონდეს.

"შენობის მოწყობისთვის სენდვიჩ პანელები გვინდა, რომ კონვეიერული წარმოება დაიწყოს. შესაბამისად, შენობის მოსაწყობ ინვესტიციას სააგენტოსგან ველოდებით.

ადრე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უფრო სწრაფად და მოქნილად მოქმედებდა. ახლა არ არიან ისეთი სწრაფები და მოქნილები. გამოდის, რომ ეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ადრე თუ კოტეჯებსაც აფინანსებდნენ მაღალმთიან რეგიონებში, ახლა როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა ან ფული არ აქვთ, არ ვიცი... იმედი გვაქვს, რომ „აწარმოე საქართველოში“ დაგვეხმარება, თუ რამე არ შეიცვალა. გაზაფხულამდე დაველოდები და თუ არაფერი იქნება, მაშინ საკუთარი რესურსებით მოგვიწევს გაკეთება", - ამბობს ბიზნესმენი.

ინფორმაციისთვის, ხის მწარმოებელი კომპანია „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფი“ ზუგდიდში მდებარეობს და ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს ხის კოტეჯებსა და სახლების აშენებას სთავაზობს და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში აქვთ მიწოდების შესაძლებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები