მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადრე თუ გვიან მოგვიწევს, სოფლის მეურნეობაში უცხოელ ინვესტორებსაც გავუხსნათ გზა - ბექა გონაშვილი

ბექა გონაშვილი

კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვის აკრძალვა სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გარკვეულწილად აფერხებს.

„ადრე თუ გვიან მოგვიწევს, სოფლის მეურნეობაში უცხოელ ინვესტორებსაც გავუხსნათ გზა“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

ბექა გონაშვილს მიაჩნია, რომ მკაცრად გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებების და დარგში ახალი ცოდნის და ტექნოლოგიების შემოტანის სანაცვლოდ, შესაძლებელი უნდა იყოს უცხოელებზე მიწის პრივატიზაცია.

საქმე ის არის, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადინებას ჰქონდა ადგილი, მეორე კვარტალში კი სულ 1.5 მლნ დოლარი ჩაიდო. საქსტატის მონაცემებით, შარშან სოფლის მეურნეობის სექტორში მხოლოდ 5 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. 2016 წლიდან მოყოლებული, ამ სექტორში ყველაზე მეტი FDI 2027 წელს განხორციელდა - 13 მილიონი დოლარი.

- თუ გვინდა, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები კლასიკურად მოვიზიდოთ, უნდა ვთქვათ, რომ უცხოელებსაც შეუძლიათ მიწების ყიდვა და გაჩნდება ბუმი, მაგრამ ამ საკითხს მეორე მხარე აქვს - მათ შორის ემოციური...

- თქვენ იზიარებთ და გესმით საკითხის ემოციური მხარე?

- რა თქმა უნდა, მესმის. მიწა ამოწურვადი რესურსია და სჯობს, ჩვენ ხელში იყოს, მაგრამ არის მეორე მხარეც და იქმნება წრე, სადაც უნდა აარჩიო, რა გინდა. მაგალითად, მე რომ ვიყო უცხოელი ინვესტორი, რომელსაც სურს ქართულ მეცხვარეობაში ინვესტირება, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და ამ დარგის მომგებიანად ქცევა, მაგრამ მერე მხრივ, არ მაქვს არანაირი იურიდიული კავშირი ამ მიწასთან, ფერმასთან, ხომ დავფიქრდები - ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?!

- უცხოელებისთვის მიწის იჯარით გაცემა ხომ არის შესაძლებელი?

- საძოვრების იჯარა არ არსებობს. უფრო სწორედ არსებობს იჯარების ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ვარ ამ ყველაფრის. ეს საცდელი პერიოდისთვის გაკეთდა. არ შეიძლება, საძოვრებზე იჯარა 3-წლიანი იყოს - ეს უნდა იყოს 20-25-წლიანი. მოკლედ, თუ ინვესტორს შემოაქვს ცოდნა, ტექნოლოგიები, ახალი კულტურა და ახალი მეთოდი, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, მაგრამ თუ ვიღაც ყიდულობს მიწას და უბრალოდ ჩიჩქნის, ასეთი ინვესტორი საინტერესო არაა.

- გასაგებია, მაგრამ ინვესტორი რომ დაინტერესდეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში იინვესტირებით, პირობები უნდა დავახვედროთ...

- ამიტომ გითხარით, წრეში ვართ...

- ვინ უნდა გახსნას ეს წრე, რომ სოფლის მეურნეობაც მიმზიდველი გახდეს საინვესტიციოდ?

- ჩემი აზრით, ეს წრე უნდა გახსნას ხელისუფლებამ, მაგრამ ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს თავისი მყარი საფუძველი, რატომ აკეთებს ამას და ასევე, ყველაფერი სწორად უნდა იყოს გათვლილი, რათა შემდეგმა თაობებმა არ თქვან - „ეს რა გიქნიათ, ვიღაცები ჩამოგვისახლეთ და ჩვენი მიწები მათიაო“.

- ნაკლებად სავარაუდოა „ქართულმა ოცნებამ“ უცხოელების მიწის მიყიდვის აკრძალვა გააუქმოს...

- ჩვენ ადრე თუ გვიან მოგვიწევს უცხოელ ინვესტორებს გავუხსნათ გზა, უბრალოდ, არ ვართ დიდმიწიანი ქვეყანა. ჩვენ ვერ ვიქნებით მიმზიდველები მსოფლიო კონგლომერატებისთვის, მაგრამ თუ შევძლებთ, ჩვენი ნიშა წამოვწიოთ და ზოგიერთი ინვესტორის ცოდნა გამოვიყენოთ, ეს სქემა ხვალვე გასაკეთებელია.

- თქვენი საქმიანი კონტაქტების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რომ არა აკრძალვა, დღეს სოფლის მეურნეობაში 1.5 მილიონ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდებოდა?

- კონკრეტულ რიცხვებს ვერ გეტყვით, მაგრამ გაცილებით მეტი იქნებოდა... უცხოელები შემოვლითი გზებით დღესაც ახერხებენ რაღაცებს - მაგ. სესხის ხელშეკრულებით ყიდულობენ მიწებს, მაგრამ შემდეგ არის დაძაბულობა პარტნიორებს შორის, რადგან ფულს პრობლემები ახასიათებს. ამიტომ მგონია, რომ სჯობს, იურიდიულად მკაფიოდ იყოს განსაზღვრული პირობები, რითაც როგორც უცხოელები, ისე ქართველები იყიდიან მიწას. საქართველოს მოქალაქეზეც კი არ უნდა იყიდებოდეს მიწა ვალდებულების გარეშე. მიწის გადასახადის სახით ბიუჯეტში შესული თანხა მიზერია - ეს არაფრის მომტანი არ არის, გაცილებით მეტი შეიძლება შევიდეს იმ მიწაზე შექმნილი ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები