მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადრე თუ ოჯახის ერთი წევრი მიდიოდა ემიგრაციაში იმერეთიდან, ახლა ოჯახები მიდიან - კოხრეიძე

ნუგზარ კოხრეიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის” თავმჯდომარის ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, იმერეთში, მოსახლეობას, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა უმუშევრობაა.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რა აწუხებს იმერეთის მოსახლეობას ყველაზე მეტად.

უმუშევრობასთან ერთად, ნუგზარ კოხრეიძემ გამოწვევებს შორის დაბალი ანაზღაურება და ასევე, ემიგრაცია დაასახელა.

„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაღალი ემიგრაცია, რაც სამწუხაროდ, იმერეთში ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ქუთაისში; ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა 30 000-ით შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ემიგრაცია მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით არ არის გამოწვეული - გარდა იმისა, რომ უმუშევრობა მაღალია, გაძვირდა ცხოვრება და ა.შ. ამას ემატება გარკვეული უპერსპექტივობის გარემოებები და ადრე თუ ოჯახიდან ქალბატონი ან სხვა წევრი მიდიოდა ემიგრაციაში, დღეს, პრაქტიკულად, ოჯახები მიდიან ემიგრაციაში. რამდენიმე ჩემ მეგობარს, ვინც მთელი ოჯახით გადაიხვეწა საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ფინანსური გასაჭირი აქ ცხოვრების დროს არ ჰქონიათ, მიზეზები ვკითხე და ისინი ამბობდნენ, რომ თავიანთი შვილებისთვის აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ და სწორედ მათი მომავლისთვის გადაწყვიტეს, იყვნენ პირველი თაობის მიგრანტები, რომელიც უფრო რთულია. ამდენად, ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უპერსპექტივობის განცდას უჩენს“, - ამბობს “თაობათა დიალოგის” თავმჯდომარე.
ნუგზარ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ რადგან ქუთაისი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქალაქი არაა, მას სჭირდება „ხელოვნური სტატუსი“, რომ განვითარდეს. ერთ-ერთ ასეთ გზად მას ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ კოხრეიძე არის წევრი მოძრაობის - „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“. სწორედ ამ მოძრაობის ინიციატივით, წინა კვირაში ქუთაისში აქცია-პერფორმანსი “იძებნება „ქართული ოცნების“ პროექტები“ გაიმართა.

რეაბილიტირებული რიონისპირა სახლები, ელექტრომობილების ქარხანა, ოცნების ქალაქი, ტექნოლოგიური ჰაბები - ეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაზედაც “ოცნების” ხელისუფლებამ დაპირებები წლების წინ გასცა და აქცია-პერფორმანსის მონაწილეები ფანრებით ეძებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები