ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი აცხადებს, რომ კანონში შესული ცვლილებები ვერ გახდება სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ადვოკატებისათვის დღემდე არ ყოფილა და არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა, რაც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაუდასტურეს.
ასათიანის თანახმად, ასოციაცია არ დაუშვებს ისეთი არასწორი პრაქტიკის დანერგვას, რაც შეუძლებელს გახდის ადვოკატების საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონის მე-13 პრიმა მუხლის, მე-2 პუნქტის დანაწესი (2025 წლის 02 ივლისის ცვლილება), რითაც აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, ვერც ერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი!
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) რომელსაც ადვოკატები სასამართლო დარბაზებში ვიყენებთ, წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადვოკატს ისინი ვიდეოგადაღების თუ კლიპების დასამონტაჟებლად გამოეყენებინოს. უფრო მეტიც, ამის არანაირი საჭიროება ადვოკატს არ აქვს, რადგანაც, როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტს, ისედაც შეუზღუდავად აქვს წვდომა აუდიო ოქმზე და საჭიროების შემთხვევაში დარბაზში მიმდინარე ვიდეო გადაღების მასალებზე.
მიუხედავად, დღეს გაკეთებული კონკრეტული განცხადებისა, პრაქტიკაში დღემდე არ ყოფილა და, როგორც ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კვლავ იქნა დადასტურებული, ადვოკატებისათვის არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტებისთვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა.
ადვოკატთა ასოციაცია არ დაუშვებს კანონის ისეთ განმარტებას ანდა ისეთი არასწორი პრაქტიკის დანერგვას, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში ყველანი ვიქნებით ერთსულოვანი",- წერს დავით ასათიანი.



























