"მათე მოტორსის" დამფუძნებლის გელა ბარკალაიას ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მისი დაკავება ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, - ამის შესახებ ადვოკატმა "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"ბატონმა გელამ განაცხადა, რომ მისი დაკავება მოხდა მისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ის ცნობილი ბიზნესმენია. ის 2010 წელს დააპატიმრეს, 2 მილიონი ჯარიმა დააკისრეს, წაართვეს 12 პიკაპი ავტომანქანა, რომელიც დაიბრუნა 5 წლის შემდეგ, გაუბედურებულ მდგომარეობაში. შემდეგ მას სთხოვდნენ, მათე მოტორსის შენობა, რომელიც მდებარეობს ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, ამ შენობის დათმობას.
ეს ბრალდება არის დაუსაბუთებელი ბრალდება, მოგონილი. 2014 წელს თუ შეიტანეს განცხადება, რატომ იდო ეს 3 წელი განცხადება უმოძრაოდ. არავითარი გამართლება არ აქვს ამას. რა პასუხიც უნდა გაგვცეს ბრალდების მხარემ, რეალურ პასუხს ვერ გაგვცემს",- აცხადებს ადვოკატი.

























