მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატი: პროკურატურამ თქვა, რომ საქმეში "თიბისი" ბანკის სახით დაზარალებული არ იქნება

5d3b227312ef4
ლიკა გურაბანიძე
26.07.19 20:00
770

"პროკურატურამ თქვა, რომ საქმეში "თიბისი" ბანკის სახით დაზარალებული არ იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდების შემდეგ განუცხადა.

ამასთან, კორძაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძის ქვეყნიდან გაუსვლელობის ნაწილში არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

"ჩვენი აზრით, ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება არის ის, რაც ამ ნაწილში პროკურატურისგან მოთხოვნა იყო, რაც რატომღაც სასამართლომ გაიზიარა.  ეს არის მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა. ბიზნესმენები საზღვარგარეთ არ დადიან იმისათვის, რომ დრო გაატარონ, არამედ ეს არის მათი სამუშაო რეჟიმი, თან იმ დროს, როდესაც ანაკლიის პროექტი ისეთ ფაზაშია, როდესაც ძირითადად ისეთ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა, რასაც ინვესტორებთან მუშაობა ჰქვია.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ იმ დროში, რა დროშიც გასაჩივრება შეგვეძლება. სხდომა 12 სექტემბერს დაინიშნა და ჩვენ გადავდივართ იმ რეჟიმში, როდესაც უპირობოდ დავადასტურებთ ჩვენ სიმართლეს, რადგან დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პროკურატურას არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ფულის გათეთრებას, ან რაიმე ტიპის დანაშაულს აქვს ადგილი, არ გააჩნია", - განაცხადა კორძაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურამ საქმეში დაზარალებულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

"დაზარალებულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ ერთ ნაწილში საქმე ხანდაზმულია, შესაბამისად დაზარალებული არ ეყოლება "თიბისი" ბანკის სახით და ზოგადად, დაზარალებული ეს არის ფულადი საკრედიტო სისტემა და ამიტომ დაზარალებული საქმეში არ იქნება", - განმარტა ზვიად კორძაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები