მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატის განმარტება "თიბისი ბანკის" საქმეზე

5c66569885d56
BM.GE
15.02.19 10:10
2025

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ კორძაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს სებ-ი ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო, რაც გასაჩივრებისას მათი ერთ-ერთი არგუმენტი იქნება.

"ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ იმ სამართლებრივ მიმართულებას, რომელიც ამ შემოწმებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. ჩვენ სასამართლო პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, მათ შორის მოთხოვნილი გვქონდა გარკვეული ჯარიმების შეჩერება. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და მივიღებთ სამართლით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას", - აღნიშნა კორძაძემ.

რაც შეეხება საჯარიმო სანქციას, რომლის მიხედვითაც გასული წლის ნოემბერში თიბისი ბანკი ტრანზაქციის გამო მილიონი ლარით არის დაჯარიმებული, კორძაძე აცხადებს, რომ მათ ამ სანქციის შეჩერება უკვე მოთხოვნილი აქვთ.

"ეროვნულმა ბანკმა გამოსცა აქტები, რომლის ნაწილიც გასაჩივრებულია სასამართლოში და ნაწილიც ხვალ გასაჩივრდება", - აღნიშნა კორძაძემ.

კითხვაზე: არ გქონიათ კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, რატომ მიიღო სებ-მა ეს გადაწყვეტილება 11 წლის წინანდელი ტრანზაქცის გამო უფლებამოსილების შეჩერებაზე მაშინ, როდესაც სებ-ის მიერ ერთხელ უკვე იყო შემოწმებული? კორძაძემ განაცხადა: "ეს ჩემი ერთ-ერთი არგუმენტია, რომელსაც გამოვიყენებთ".

"ცოტა გაუგებარია რა თქმა უნდა, 11 წლის წინანდელ საკითხზე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და ეს მოტივიც იქნება ერთ-ერთი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისას", - განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები