ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი აცხადებს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის და არც მომავალში იქნება პოლიტიკური აქტივიზმისა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ასპარეზი, არც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული ადამიანების კლუბი და არც რიგით მეათიათასე არასამთავრობო ორგანიზაცია.
ის განცხადებით პასუხობს კრიტიკას, რომელიც ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნების წინ ისმის.
"პროლოგი:
ჭკვიან ხალხს უთქვამთ, წინასაარჩევნო კრიტიკა და ცეცხლოვანი განცხადებები საპნის ბუშტს ჰგავს და ყურადღება არ უნდა მიაქციოო (არც ვაქცევ). მით უმეტეს, როცა ჩემი 8 წლიანი თავმჯდომარეობის დასრულებამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე ამოიდგა ენა ზოგიერთმა. წინასაარჩევნო დემაგოგია და წინამორბედის „კრიტიკა“ დემოკრატიის ნაწილად არის მიჩნეული (ალბათ, საარჩევნო მიზნისთვის გამართლებული საშუალებაა) და ამიტომ, არასერიოზულ, ზოგჯერ ტუტუცურ განცხადებებს და პრიმიტიულ პოპულიზმს ამჯერად არ ვუპასუხებ, „მდუმარებაში“ დავრჩები.
ამ პოსტში სხვა, უფრო მნიშვნელოვან, რამეზე მინდა გესაუბროთ.
ადვოკატთა ასოციაცია ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესეული გაერთიანებაა საქართველოში. ორგანიზაციაში გაერთიანებულია ფართო სპექტრის პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური რწმენის, ეთნიკური წარმოშობის, ასაკობრივი ჯგუფის და გემოვნების წევრი-ადვოკატები. ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს ქართულ იურიდიულ პროფესიას და არა მისი ცალკეული წევრების შეხედულებებს, რწმენებს, წინასწარგანწყობებს ან პროფესიულ პრეფერენციებს.
შესაბამისად, სასურველი კი არა კრიტიკულად აუცილებელია, რომ ასოციაცია იყოს პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური - ა პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი
2017 წელს, როცა თავმჯდომარედ მირჩევდნენ, კოლეგებს სიტყვა მივეცი, რომ ყოველთვის დავიცავდი ასოციაციას ყოველგვარი გარე ჩარევისგან და არ ჩავრთავდი ორგანიზაციას არანაირ პოლიტიკურ პროცესში, რადგანაც მაშინაც მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ ასოციაციის პოლიტიზირება პირდაპირი გზაა მარგინალიზაციისა და პროფესიის დესტაბილიზაციისკენ, რაც პირველ რიგში მოქალაქეებს (ჩვენს კლიენტებს) მიაყენებს უდიდეს ზიანს.
დიახ, მეამაყება, რომ კოლეგებისათვის მიცემული სიტყვა პირნათლად შევასრულე, და ამ კატასტროფული საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და ზღვარგადასული პოლიტიკური ბატალიების ფონზე, არაერთი პროვოკაციული მცდელობის მიუხედავად,️ქართულმა ადვოკატურამ ამ 8 წლის მანძილზე შეინარჩუნა ნეიტრალური პროფესიული სტატუსი, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა.
ბოლო დღეებში, თვალში მომხვდა ზოგიერთი პოლიტიკურად ეგზალტირებული პერსონის ჰალაბალუ ასოციაციის მოახლოებულ არჩევნებზე, და მინდა ყველას სიყვარულით ვურჩიო, ნუ შეიწუხებთ თავს და ფუჭად ნუ დახარჯავთ თქვენს დროს და ნერვებს, რადგანაც ასოციაციის მომავალი განვითარების ბედს გადაწყვეტენ მხოლოდ წევრი ადვოკატები და არჩევნებში მონაწილე ყველა ის ღირსეული კანდიდატი, რომლებიც მაღალი პროფესიული რეპუტაციისა და კოლეგიალური პატივისცემის პრინციპებით ხელმძღვანელობენ, ჯანსაღი საარჩევნო კონკურენციის ფარგლებში.
ეპილოგი:
მინდა ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის და არც მომავალში იქნება პოლიტიკური აქტივიზმისა და უმწიფარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ასპარეზი, არც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული ადამიანების კლუბი და არც რიგით მეათიათასე არასამთავრობო ორგანიზაცია.
ასოციაცია არის და იქნება ერთიანი იურიდიული პროფესიის ინტერესების გამომხატველი, დამოუკიდებელი პროფესიული თვითმმართველობა.
დანარჩენზე უფრო ვრცლად მემუარებში ...",- წერს დავით ასათიანი.
2025 წლის 13-14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება. მმართველი ორგანოების არჩევნები 14 დეკემბერს არის დაგეგმილი.



























