მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატთა ასოციაციის გააჩნია ბერკეტები მართლმსაჯულების სისტემის გაკეთილშობილებაში მონაწილეობისთვის - ანა რეხვიაშვილი

ანა რეხვიაშვილი

"ადვოკატთა ასოციაციის გამოღვიძება შეიძლება იმ მიმართულებით, რომ ვაიძულოთ სახელისუფლებო რგოლებს, სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესებაზე იმუშაონ", - ამის შესახებ "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის" (სიფა) გუნდის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატმა ანა რეხვიაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

სიფა-ს წარმომადგენლებმა უპასუხეს კითხვას ბოლო პერიოდის სადავო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შესახებ მათ საქმიანობაზე და იმ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მართლმსაჯულების სისტემაშია.

ანა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ ცუდია, როდესაც საქართველოს მოქალაქე ადგილობრივ მართლმსაჯულების სისტემაში ვერ პოულობს სამართალს, რის კონკრეტულ მაგალითადაც საია-ს გამარჯვება მოიყვანა ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე სტრასბურგის დიდ პალატაში.

"საიას გუნდს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება და აღვნიშნო ჩემი კოლეგების დაუღალავი შრომა არა მარტო ამ საქმეზე, არამედ ზოგადად ყველა იმ საქმეებზე, რომელიც სტრასბურგში წავიდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. მათ ნამდვილად ძალიან დიდი სიკეთე მოუტანეს საქართველოს საზოგადოებას.

მ მიმართულებით ურთულესი გამოწვევები აქვს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას და ამ გამოწვევებზე ისევ ასოციაციის ჭრილში რომ ვიმსჯელოთ, ასოციაციასაც გააჩნია თავისი ბერკეტები და თავისი ინსტრუმენტები, თუ როგორ შეიძლება მართლმსაჯულების სისტემის გაკეთილშობილებაში მონაწილეობა მიიღოს და აი ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლაში თავისი ვალდებულება შეასრულოს. ეს არის ქვეყნის უფსკრულისკენ წაყვანა, როდესაც სასამართლო სისტემა არ მუშაობს და როდესაც ადამიანებს თავიანთი ძირითადი თავისუფლებების დაცვა უჭირთ ქართულ სასამართლოში. ეს არ არის მარტო ის, რომ, დავუშვათ, არასწორი გადაწყვეტილებები დგება. ხშირად დგება სწორი გადაწყვეტილებებიც, მაგრამ იმდენად გრძელვადიანი პროცესია ქართულ სასამართლოში დავა და იმდენად გვიან დგება ასეთი სწორი გადაწყვეტილებები, რომ უკვე მართლმსაჯულებას აზრი ეკარგება.

თუნდაც ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სტრასბურგში რა ტენდენციაც არის საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟებში საინვესტიციო დავებთან დაკავშირებით, პოზიტიური ტენდენცია საერთოდ არ შეინიშნება. ეს ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპით მართვის სისტემაა მორღვეული. ასოციაციის გამოღვიძება შეიძლება ამ მიმართულებით და ასოციაციის პლატფორმიდან მუშაობა იმისთვის, რომ ვაიძულოთ სათანადო სახელისუფლებო რგოლებს, რომ ამ სისტემის გაუმჯობესებაზე და გაკეთილშობილებაზე იმუშაონ. მესმის, რომ ხშირად ისეთი პოლიტიკური ფონია, რომ თითქოს არაფერს აზრი არ აქვს, მაგრამ ასე ყურების ჩამოყრა არ შეიძლება. არსებობენ პლატფორმები და ამ პლატფორმებს მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ თუნდაც მცირედი სიკეთე და პროგრესი დაინახოს ამ ქვეყანაში",- თქვა ანა რეხვიაშვილმა.

სიფა-ს გუნდის სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატი შალვა ბუავა ყურადღებას კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ცვლილებებს მათ საქმიანობაზე შემაფერხებელი ეფექტი ჰქონდა.

"საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა სამართლებრივ სისტემაში. ძალიან ბევრი ახალი კანონი გაჩნდა, რამაც პრინციპში საზოგადოების უკმაყოფილებაც გამოიწვია. მათ შორის, რაღაც გარკვეული შემაფერხებელი ეფექტებიც კი იქონია თუნდაც ადვოკატებისთვის, რაც რა თქმა უნდა არ არის კომფორტული არც ჩვენთვის და არც, საზოგადოებისთვის. დღითი დღე შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო არეალი არ მიდის იქითკენ, რომ თითქოს უფრო დავხვეწოთ და უფრო განვავითაროთ. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო, არის და იქნება. არ არსებობს აბსოლუტურად იდეალური კანონმდებლობა. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, შეიძლება ჩვენ ეს ვერ მივიღოთ, თუმცა მაქსიმუმი მაინც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევეცადოთ თუნდაც, რომ კანონმდებლობა იყოს ობიექტური, დემოკრატიულ ფუძეზე დაფუძნებული და თითოეული ადამიანისთვის ეს იყოს მაქსიმალურად მორგებული. ასევე იმასაც გეტყვით, რომ ვერცერთი კანონი ვერ იქნება თითოეულ ადამიანზე მორგებული, თუმცა ფართო მასშტაბებით, რაღაც ზოგად პრინციპების დონეზე მაინც უნდა მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც თითოეულ ადამიანს, ასე ვთქვათ, თუნდაც ადვოკატებს თავის საქმიანობაში ხელს შეუწყობს",- ამბობს შალვა ბუავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები