საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური 21 დეკემბერს, ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში, 10:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.
მეორე ტურში ადვოკატებს არჩევანის გაკეთება ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის მოუწევთ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო ოქმის თანახმად, 14 დეკემბერს, არჩევნების პირველ ტურში სულ 2 752 ადვოკატი მონაწილეობდა და პირველივე ტურში გამარჯვებისთვის 1 376 ხმა იყო საჭირო, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობა ანუ უბრალო უმრავლესობა (50%-ს +1 ხმა) ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო.
თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი - 1 269 ხმა მიიღო ირაკლი ყანდაშვილმა, 1 106-მა ადვოკატმა მისცა ხმა ირაკლი ჩომახაშვილს, ხმების რაოდენობით კი მესამე ადგილზე გავიდა მუხრან ღურწკაია 302 ხმით, ამიტომაც ტარდება მეორე ტური.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც 20-მდე იურიდიულ ფირმას აერთიანებს და არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ თავმჯდომარეობის თავისი კანდიდატი არ დაუყენებია, მეორე ტურში მხარს ირაკლი ჩომახაშვილის კანდიდატურას დაუჭერს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გასულმა მუხრან ღურწკაიამ.
რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიებს, სამივე უკვე დაკომპლექტდა.




























