საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სახელმწიფოსგან მიიღო თანხმობა სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებსა და ბაზრის კვლევაზე, 2.5 მლნ ლარის ღირებულების მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდოს.
ეს თანხა 2026 წელს უნდა დაიხარჯოს და ისეთი მიმართულებები დაფინანსდეს როგორებიცაა: ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ბაზარზე და არსებული ავიამიმართულებების პოპულარიზება, აეროპორტის ბრენდინგი, სარეკლამო მომსახურება და სხვა.
"ახალი ავიაკომპანიების მოზიდვისა და არსებული ქსელის გაფართოების, პირდაპირი ავიამიმართულებების ქსელის განვითარებისა და უწყვეტი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო ბაზარზე აეროპორტების პოპულარიზაციასა და აეროპორტების შესაბამისი სერვისების წარმოჩენას მისი კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის.
აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში, დასახული მიზნების მისაღწევად, აეროპორტების გაერთიანება გეგმავს საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, მიზნობრივი აუდიტორიების გათვალისწინებით, მათ შორის საპრომოციო ან/და საინფორმაციო აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებას", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი და იმ თანხის სავარაუდო მოცულობა, რაც დაიხარჯება:
- საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და გამოფენებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება - 200,000 ლარი;
- საერთაშორისო გამოფენების სტენდების აგებისა და აღჭურვილობის დაქირავების მომსახურება - 440,000 ლარი;
- ქართული ალკოჰოლური/არაალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ადგილზე მიწოდების მომსახურება - 10,000 ლარი;
- კვების შესყიდვა - 10,000 ლარი;
- ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ბაზარზე და არსებული ავიამიმართულებების პოპულარიზაცია/სტიმულირება ლოკალურ/საერთაშორისო ბაზარზე, აეროპორტებისა და მისი სერვისების პოპულარიზაცია - 415,000 ლარი;
- საპრომოციო მასალები - 50,000 ლარი;
- აეროპორტების ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შექმნა - 200,000 ლარი;
- სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება, ვიდეომომსახურება - 400,000 ლარი;
- ფოტომომსახურება - 70,000 ლარი;
- ინფრასტრუქტურული პროექტების ღონისძიებების დაანონსება (ღონისძიება) - 400,000 ლარი;
- სოციალური მედიის კონტენტის შესაქმნელად შესაბამის ბაზებთან წვდომა - 10,000 ლარი;
- სოციალური მედია პლატფორმების რეკლამირება - 150,000 ლარი;
- საავიაციო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის ყოველწლიური მოსაკრებელი - 30,000 ლარი;
- ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები - 20,000 ლარი;
- სასტუმროში შეხვედრების, პრესკონფერენციების და კონფერენციების ორგანიზება - 20,000 ლარი;
- ღონისძიების ორგანიზება - 20,000 ლარი;
- ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება - 60,000 ლარი
სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა კომპანიებთან გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გაფორმდეს ხელშეკრულება.
"გამოცდილებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით, განსაკუთრებით ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებისას, ადგილი აქვს ისეთ გარემოებებს, რაც კომპანიის მხრიდან მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, გადაწყვეტილებებს მოკლე ვადაში და შექმნილი მდგომარეობის შესაბამისად მოქნილობას.
თუ პროცესში ავიაკომპანიას გაუჩნდა შესაძლებლობა ბაზარზე შემოსვლის და უახლოეს პერიოდში თანახმაა ფრენების დაწყებაზე, როგორც მისთვის ასევე აეროპორტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარკეტინგული კამპანიების მოკლე დროში დაგეგმვა და აღსრულება, ცნობიერების ამაღლების, მიმართულების პოპულარიზაციისა და მგზავრთნაკადის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით. ეფექტური და დროული რეაგირების შეზღუდვამ შესაძლოა გადაავადოს ბაზარზე შემოსვლის ვადები ან/და აეროპორტმა გამოტოვოს ავიაკომპანიასთან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, რაც მის პოზიციონირებაზე ნეგატიურად აისახება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აეროპორტების გაერთიანების მხრიდან მიზანშეწონილია პერიოდულად ავიაკომპანიასთან კოორდინაციით სხვადასხვა მარკეტინგული საინფორმაციო/სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მის აღსრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფა შემჭიდროვებულ ვადებში და მისი აღსრულების უზრუნველყოფა; რიგ შემთხვევებში, შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე, სატენდერო პროცედურების დაგეგმვა აზრს კარგავს და შეუძლებელს ხდის მის ჩატარებას", - წერია დოკუმენტში.




























