აზიის განვითარების ბანკის [ADB] ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი 2023 წლის მეორე ნახევარში მზად იქნება.
“საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს, რაც დასრულდება 1 თვეში. შემდეგ დაიწყება აეროპორტების შესწავლის და შეფასების პროცესი და დასრულდება 2023 წლის მეორე ნახევარში, რის შედეგადაც დაიდება როგორც აეროპორტების შეფასების დოკუმენტი, ისე განვითარების სტრატეგია”,-უთხრეს BMG-ის ბანკში.
სტრატეგია ქვეყანაში არსებული არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ აეროპორტებსაც მოიცავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა შეიქმნას ქვეყნის აეროპორტების განვითარების გეგმა.
შეგახსენებთ, ADB-მ საქართველოს მასშტაბით არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. დოკუმენტის შექმნაში საფინანსო ინსტიტუტი 225 ათას დოლარს დახარჯავს.
ტენდერი ამ მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიებისთვის ADB-მ მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოაცხადა, ხოლო მასზე განაცხადების მიღება 4 მაისს დასრულდა.
სტრატეგიის ფარგლებში შეფასდება აეროპორტების სამომავლო დატვირთულობის პროგნოზები და დაიდება სხვადასხვა სცენარი, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა განვითარდეს. დოკუმენტში ასევე იქნება აეროპორტების მართვის საკითხიც. ADB-ის შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისსა და ბათუმის აეროპორტების შემთხვევაში, რადგან მმართველ კომპანიას, TAV Georgia-ს ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.