1 მარტიდან თბილისის აეროპორტში მგზავრთა მოსაკრებელი 2 დოლარით იზრდება. ამის შესახებ გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა. პირველი მარტიდან გზავრთა მოსაკრებელი 22 დოლარიდან 24 დოლარამდე მოიმატებს.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" Georgian Aurways-ის გენერალურმა დირექტორმა, გივი დავითაშვილმა განუცხადა, მგზავრთა მოსაკრებელი ავიაბილეთის ფასში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაბილეთის ფასი 2 დოლარით გაიზრდება. დავითაშვილის განმარტებით, მათ ეცნობათ, რომ მგზავრთა მოსაკრებლის ზრდის საფუძველი "ტავ ჯორჯიას" მხრიდან ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირებაა.
მისი შეფასებით, ამას გავლენა ექნება ავიაბილეთების ღირებულებაზე, თუმცა ფასის ზრდას გამოიწვევს ასევე საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდაც. როგორც "აირზენას" გენერალური დირექტორი განმარტავს, აქციზის ზრდით გაძვირდება საავიაციო საწვავიც, რომლის კომპონენტი ავიაბილეთის ფასის 70%-ს შეადგენს.
მგზავრთა მოსაკრებლის ზრდით ავიაბილეთების გაძვირებაზე საუბრობს "ატლას გლობალის" ფინანსური დირექტორიც, თუმცა როგორც თამუნა თანდაშვილი აცხადებს, აეროპორტი ნამდვილად საჭიროებდა რეაბილიტაციას და თუ გვინდა აეროპორტის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, ამისათვის გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეთ.
როგორც ცნობილია, "ტავ ჯორჯია" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფერნი ზოლის და ტერმინალის მშენებლობაში დაახლოებით 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ აღნიშნული პროექტის ხარჯების დაკომპენსირების მიზნით გაიზარდა მგზავრთა მოსაკრებელი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ტურისტების მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა "ტავ ჯორჯია" წლის განმავლობაში მოსაკრებლის სახით 4 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს. მხოლოდ გასულ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა.
"ტავ ჯორჯიასა" და აეროპორტების გაერთიანებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად "ტავი" მგზავრთა მოსაკრებლის მორიგ ზრდას 2023 წლისთვის გეგმავს. ამ დროისთვის მგზავრთა მოსაკრებელი, რომელიც ავიაბილეთის ფასში შედის, 1 მარტიდან 24 დოლარიდან 25 დოლარამდე გაიზრდება.

























