მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43.62%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 86.96%-ით გაიზარდა

58e7aa594fd8a
BM.GE
07.04.17 19:03
2417
2017 წლის პირველი 3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43.62%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 86.96%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 621 828 მგზავრი, რაც 43.62%-ით (188 869 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (432 959 მგზავრი).

ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 373 812 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 41.29% შეადგინა;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 3 თვეში აეროპორტი მოემსახურა 37 711 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 68 369 მგზავრი შეადგინა;

3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 23 696 მგზავრი, რაც 14.19%-ით (2 945 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 3 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება;

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 424 მგზავრს მოემსახურა, რაც 739 მგზავრით, შესაბამისად 107.88%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 3 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე მათი რაოდენობა 194 ადამიანს შეადგენდა.

3 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 467 სამგზავრო და სატვირთო რეისი (2 799 რეგულარული და 668 ჩარტერული) შესრულდა, რაც 32.23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (2 622). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.56%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 27 627 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 30 822 ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 8 982, 414 ტონა შეადგინა, რაც 4 178, 020 ტონით, შესაბამისად - 86.96%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები