მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტი “მიმინო” 30-წლიანი პაუზის შემდეგ შიდა რეისებს განაახლებს

6296433944c8a
ლიკა გურაბანიძე
01.06.22 00:14
6329
თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 30 წლის შემდეგ ზაფხულის ბოლოს თვითმფრინავით შიდა რეისებს პირველად განაახლებს. შიდა ფრენები ბათუმის და მესტიის აეროპორტებიდან 16-ადგილიანი თვითმფრინავით განხორციელდება.

როგორც bm.ge-სთან “მიმინოს” მფლობელი "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის", ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით ტეფნაძე აცხადებს, აეროპორტი, სადაც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. მისი თქმით, აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

“ფრენების ზუსტი ფასების თქმა ამჯერად არ შემიძლია, თუმცა ის იმ ფასების დიაპაზონში მერყეობს, რაც ქვეყანაში შიდა ფრენებზეა. ჩვენ გავარემონტეთ როგორც ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა (სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდის სადგომი).

2022 წლის დასაწყისში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა. ამჯერად აეროპორტში კვირაში 4 რეისი განხორციელდება. აეროპორტს ასევე შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.” - განმარტა მან.

კომპანია, რომელიც ფრენებს განახორციელებს “აკეარ ჯორჯიაა”, თუმცა მისმა ხელმძღვანელმა ამირან მანჯავიძემ ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მომავალში ამ თემაზე სასაუბრო მეტი იქნება.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის – Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები