არასამთავრობო ორგანიზაციები “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” და “ჯანდაცვის პლატფორმა” ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის გავრცელებულ განცხადებას ეხმიანებიან და ამ ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიზანიმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
"17 ივნისს, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ორგანიზაციების საქმიანი იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისაკენ.
განცხადების სტილი და ის არამართლზომიერი ტონი, რომელიც ცდება ცივილიზებული ურთიერთობების ფარგლებს, გვაფიქრებინებს, რომ განცხადების შინაარსის ავტორს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა - მიეჩქმალა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემები და რეალური სიტუაცია.
4 აპრილს, მას შემდეგ, რაც აფბას პრეზიდენტსა და “ფანასკერტელის ინდექსის” პროექტის ხელმძღვანელს შოთა გულბანსა და ფარმაცევტული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ილონა კოკიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ასოციაციის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნლ იქნა წერილი, რომლითაც ვითხოვდით ასოციაციას მოეწოდებინა 200 ყველაზე გაყიდვად მედიკამენტზე ფასები. ჩვენი წერილი, უპასუხოდ დატოვეს. მას შემდეგ 2 თვეზე მეტი გავიდა.
ფარმაცევტული ასოციაციის 17 ივნისის განცხადებასა და ჩვენდამი 15 ივნისს მოწერილ წერილში რამდენჯერმე აღნიშნულია, რომ თითქოს პირველად ესმით ფანასკერტელის ინდექსის შესახებ, მაშინ როცა ასოციაციის დამფუძნებელმა კომპანიებმა პირდაპირ დაავალეს ჩვენთან კომუნიკაციის წარმოება აღმასრულებელ დირექტორს.
უცნაურია ფარმაცევტების გაღიზიანების მიზეზი და ისიც, თუ რატომ იყენებენ ჩვეულებრივ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ განცხადებაში შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და უხეშად არღვევენ საქმიანი ეტიკეტის ნორმებს.
ასევე, გაუგებარია ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეშფოთების მიზეზი, რომელიც სრულ არაინფორმირებულობას ამჟღავნებს ფანასკერტელის ინდექსის მიმართ, საინტერესოა, რატომ არ დაინტერესდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ფარმაცევტული ბაზრის ინდიკატორებით მაშინ, როდესაც ,,აფბა“ და “ჯანდაცვის პლატფორმა” უკვე 5 თვეა აქვეყნებს “ფანასკერტელის ინდექსს” და სიახლეები ინტენსიურად შუქდება ელექტრონული და ბეჭდვითი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მედიასაშუალებებით?
ჩვენი ორგანიზაციები ამას ღიად, საჯაროდ და გამჭვირვალედ აკეთებენ. ჩატარდა არაერთი ბრიფინგი და გამოქვეყნებულია 150-ზე მეტი პუბლიკაცია,.
სამწუხარო რეალობაა, რომ ფარმაცევტები არ ფლობენ ინფორმაციას არამარტო ფანასკერტელის ინდექსის, არამედ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და საერთაშორისო ფონდ ,,კურაციოს“ მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ. ასევე საგულისხმოა, სტუდია ,,მონიტორის“ საგამოძიებო ნამუშევარი სახელწოდებით ,,ექიმი – მკურნალი თუ წამლის დისტრიბუტორი“. როგორც კვლევებიდან, ისე საგამოძიებო ჟურნალისტური მასალიდან ირკვევა, რომ მედიკამენტებზე მოგების მარჟა კვლავ არაგონივრულად მაღალი რჩება და ფასების შემცირებას თებერვალი-აპრილის პერიოდის შემდეგ, მაისსა და ივნისში მედიკამენტების ღირებულების დაუსაბუთებელი ზრდა მოჰყვა.
სამწუხაროა, რომ ფარმაცევტული ასოციაცია არღვევს ყველანაირ საკომუნიკაციო წესებს და საზოგადოებას მცდარ ინფორმაციას აწვდის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითქოს ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ფანასკერტელის ინდექსის მეთოდოლოგიის გასარკვევად.
“აფბამ” ფარმაცევტული ასოციაციისგან წერილი “ფანასკერტელის ინდექსის” შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე 15 ივნისს საღამოს მიიღო.
რამდენიმე საათის შემდეგ, ისე, რომ არ დაელოდა პასუხს, 17 ივნისს ფარამაცევტულმა ასოციაციამ საჯაროდ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ თითქოს არაერთგზის მიმართა აფბას. აღნიშნული განცხადება არის სიცრუე და ეს დასტურდება ფაქტობრივად და დოკუმენტურად. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რისთვის დასჭირდათ ასეთი იაფფასიანი ტრიუკი.
მიუხედავად იმისა, რომ “ფანასკერტელის ინდექსის” მეთოდოლოგია მოცემულია ღიად და საჯაროდ, კიდევ ერთხელ განგიმარტავთ მის რაობას. ფანასკერტელის ინდექსი წარმოადგენს თვლად, ციფრულ მაჩვენებელს, ჯანდაცვის სფეროს მომსახურების, სერვისებისა და სამედიცინო პროდუქციის ფასთა ცვლილების შესახებ. იგი აერთიანებს სამედიცინო სფეროს მიმართულებების შემდეგ ინდექსებს: ფანასკერტელი ფარმა, ფანასკერტელი კარდიო, ფანასკერტელი აფთიაქები, ფანასკერტელი ჯანდაცვა, ფანასკერტელი კლინიკები, ფანასკერტელი – კეთილდღეობის ინდექსი.
აქვე დამატებით განგიმარტავთ, რომ “ფანასკერტელის ინდექსი” და “ფანასკერტელის აფთიაქების” სერია განსხვავდება ერთიმეორესგან: ფანასკერტელის ინდექსი 200-მდე ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტების ფასებზე ცვლილებას ასახავს, ხოლო ფანასკერტელის აფთიაქების დაჯგუფებულ ინდიკატორებში (ფანასკერტელის ოჯახის, ჩვილის, პირველადი დახმარების, ბავშვის, ტურისტის, აგარაკის, მძღოლის, ოფისის) მედიკამენტების გარდა, სხვა, მოვლის საშუალებები და აქსესუარებიც შედის.
ფარმაცევტული კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამ მარტივმა და ამავდროულად კარგად განმარტებულმა საკითხმა დაბნეულობა გამოიწვია. ფარმაცევტები წუხან, თუ როგორ შეიძლება ფანასკერტელის ინდექსი გაიზარდოს, ხოლო პირველადი აფთიაქის ღირებულება შემცირდეს,
შეგახსენებთ, რომ ეს 2 ინდიკატორი მოიცავს სხვადასხვა დასახელებისა და ჯგუფების მედიკამენტებს, შესაბამისად, შეიძლება ერთ ჯგუფში შემავალ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდოს, ხოლო მეორეში შემცირდეს.
რაც შეეხება ფანასკერტელის ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგიას – ყოველთვიურად აფბა და ჯანდაცვის პლატფორმა აკვირდება 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მედიკამენტის ფასებს. დაკვირვება ხდება ე.წ. გამოკითხვის გზით 4 სააფთიაქო ქსელში. დაანგარიშდება ფასების საშუალო არითმეტიკული და შედეგად მიიღება ინდექსი. ინდექსის დაანგარიშება ისეთივე მარტივია, როგორც დოუ-ჯონსის ინდექსის გამოთვლის წესი. ინტერვიუერების მიერ მეთოდოლოგიის სრულყოფილად შესრულებაზე დაკვირვებას გამოცდილი მკვლევარები ახდენენ.
პროცესი გამჭვირვალე და ღიაა. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც კვლევის, ასევე შედეგების დათვლის პროცესში.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფარმაცევტულ დარგში მიმდინარე პროცესებზე და მედიკამენტების ფასებზე ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა მხოლოდ ასოციაციას უნდა მიმართონ. ვასრულებთ მათ თხოვნას და მივმართავთ, მოგვაწოდონ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1) საქართველოში 200 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტის სააფთიაქო ქსელებში გასაყიდი ფასები ეროვნულ ვალუტაში 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით ცალ-ცალკე თვეების მიხედვით. მედიკამენტების დასახელებები “აფბას” მხრიდან უკვე გადაგზავნილია 2 თვის წინ.
2) საქართველოში 200 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტის საბაჟოზე (იმპორტირების შემთხვევაში) და ფარმაცევტულ ქარხანაში (ადგილობრივი მწარმოებლის შემთხვევაში) დაფიქსირებული ფასისა და აფთიაქში (ცალკ-ცალკე წამყვანი სააფთიაქო ქსელების მიხედვით) ამავე მედიკამენტების გასაყიდი ფასების პროცენტული თანაფარდობა (განგიმარტავთ, რომ გვაინტერესებს ფასნამატი, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია) 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, ცალ-ცალკე თვეების მიხედვით.
ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია ფანასკერტელის ინდექსისა და ფანასკერტელის აფთიაქების ჯგუფების, მათი შედგენის მეთოდოლოგიისა და პროცესის გამჭვირვალობის შესახებ.
ახლა ფარმაცევტული ასოციაციისგან ველით ინფორმაციას ჩვენ მიერ მოთხოვნილი პუნქტების მიხედვით.
იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადებში მოგვაწვდით ინფორმაციას არამარტო ჩვენ, არამედ წერილის ასლში მითითებულ ყველა ადრესატს.
მას შემდეგ, რაც ფარმაცევტული კომანიების ასოციაციის მხრიდან მივიღებთ აღნიშნულ ინფორმაციას, გთავაზობთ, ჩავატაროთ ერთობლივი მედიაკონფერენცია, რათა მოსახლეობა სრულად ინფორმირებული იყოს მედიკამენტების ბაზრის, წამლის ღირებულების ფასწარმოქმნისა და ფასნამატების შესახებ.
ისევე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ ჩვენდამი გამოგზავნილ 15 ივნისის წერილის დასასრულს პასუხისთვის შემოსაზღვრულია ე.წ. გონივრული ვადა, რომელიც მათ უხეშად და არაგონივრულად დაარღვიეს, ჩვენი მხრივ, გვინდა შევთავაზოთ, რომ დაველოდებით ფარმაცევტულ ასოციაციის პასუხს და სრულყოფილ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის განმავლობაში“, - ნათქვამია განცხაადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“-ში გაწევრიანებული კომპანიები კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოყვანილ ინფორმაციას და მიაჩნიათ, რომ აფბას-ს მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება მხოლოდ საზოგაოდების შეცდომაში შეყვანას და ატარებს აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს.
"მიუხედავად ჩვენი ოფიციალური მიმართვისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“-სთვის დღემდე პასუხგაუცემელი რჩება ის ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს ე.წ. „ფანასკერტელის ინდექსი“ და როგორ ხდება მისი მეშვეობით/გამოყენებით ფარმაცევტული პროდუქტების ფასების მონიტორინგი, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. „ფანასკერტელის ინდექსი“-ს გამოყენებით მიღებული ინფორმაცია ყოველთვის მცდარია და არ შეესაბამება რეალობას. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ასეთი მასშტაბით სიცრუის ტირაჟირება, მომხმარებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება. მეტიც, ეჭვს ბადებს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აქვეყნებს თავად არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმა“, რომლის თანახმადაც მაისში აპრილთან შედარებით პირველადი აფთიაქის ღირებულება 5.9%-ით შემცირდა , ხოლო საბავშვო აფთიაქი მაისის თვეში 4%-ით გაიაფდა.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამგვარი სახის განცხადებების გავრცელების მიზანი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევა, რისთვისაც ე.წ ექსპერტები თუ კვლევითი ორგანიზაციები არ ერიდებიან გადაუმოწმებელი, სიცრუის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელებას.
აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ კიდევ ერთხელ აცხადებს: თუ გსურთ მიიღოთ კვალიფიციური და მიუკერძოებელი ინფორმაცია ფარმაცევტულ დარგში მიმდინარე პროცესებთან, ან მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ყოველთვის, დღესაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც ასოციაციას და მასში გაწევრიანებულ სუბიექტებს გააჩნია“, - აცხადებენ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში“.

























