მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფბა: კომუნიკაციების კომისია ისეთ ცვლილებებს ითხოვს, რომელიც ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული

5f0773a5e165e
BM.GE
09.07.20 23:43
972
არასამთავრობო ორგანიზაცია, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტში არსებული სხვადასხვა პუნქტი პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მნიშვნელოვნად აზარალებს საინვესტიციო თუ ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

კერძოდ, აფბას შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას დანიშნოს სპეციალური მმართველი და თავად, ერთპიროვნულად განუსაზღვროს ასეთ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ფარგლები, ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობაში, შეზღუდოს მესაკუთრის საკუთრების უფლება ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის წილის/აქციის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ არის ყოვლად დაუშვებელი, გულისხმობს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას, არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და სამართლის პრინციპებს.

ახალგაზრდა ფინანსისტების განცხადებით, უსაფუძვლოა მარეგულირებელი კომისიის დაუსაბუთებელი მოთხოვნა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსგავსი ჩანაწერი, ფაქტობრივად არც ერთი განვითარებული ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში არ არსებობს და იგი პირდაპირ არღვევს საკუთრების უფლებას. ამავდროულად, როდესაც ამ კანონპროექტს კრიტიკულად გამოეხმაურნენ მედიის წარმომადგენლები, კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი მედიას არ ეხებოდა. ანუ გამოდის, რომ ერთის მხრივ კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, ხოლო მეორეს მხრივ პირდაპირ ახდენს ზეწოლას დანარჩენ ბიზნესზე.

აფბას პოზიციით, იკვეთება რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება იგეგმება ”კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ, საქმეზე, რომელზეც სასამართლო დავა მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოდის, რომ კომუნიკაციების კომისია არ აღიარებს კანონის უზენაესობას და სამართლიანი სასამართლოს გარეშე სურს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ დააზარალებს ქვეყანაში შემოსულ ინვესტორს.

კიდევ უარესი, კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე მორგებული საკანონმდებლო აქტის ინიცირებით ცდილობს დაიკანონოს განუსაზღვრელი უფლებამოსილებები, რომ ჩაერიოს ნებისმიერი პირის ბიზნეს საქმიანობაში, თავად დაადგინოს საქმიანობის პოლიტიკა და შეუზღუდოს მათ საკუთრების უფლება.

აფბას შეფასებით, თუკი საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა მსგავსი პრეცედენტი, ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და დააკნინებს საქართველოს იმიჯს, ხოლო მეორე მხრივ დააბრკოლებს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორის შემოსვლას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე – მათ ეცოდინებათ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს, საკუთარი ნება-სურვილით დაუნიშნოს მათ დროებითი მმართველი, საკმაოდ ფართო უფლებამოსილებებით. დროებით მმართველს შეეძლება განახორციელოს ბიზნესსუბიექტის სრული კონტროლი და შეითავსოს ყველა მმართველობითი ფუნქცია, რამაც შესაძლოა დამატებით გამოიწვიოს შემოსავლების, მატერიალური თუ არამატერიალური აქტივების დაკარგვა.

”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მოუწოდებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას არ დაუშვას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა, ვინაიდან იგი პირდაპირ გულისხმობს საკუთრების უფლების ხელყოფის უფლებას დაკანონებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას, დააზარალებს ბიზნესს და ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები