მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრს რომეო მიქაუტაძე ზუგდიდში შეხვდა - "ენგურჰესის" თანამშრომელი

ქრისტინა ოზგანი

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 22 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში "ენგურჰესის" ხელმძღვანელობას შეხვდა. მედიის ინფორმაციით, ე.წ. მინისტრმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ითხოვა.

BMG-ის "ენგურჰესში" დაუდასტურეს, რომ ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე შეხვდა.

"დიახ, რომეო მიქაუტაძე შეხვდა. მინისტრი იყო იქიდან წამოსული და ცხადია, აქედანაც მაღალი რანგის პირი უნდა შეხვედროდა. მე არ ვესწრებოდი, თუმცა საქმიანი შეხვედრა იყო. როგორც იცით, რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მათ ნოემბერ-დეკემბრის გადაიხადეს და შესაძლოა, შემდეგი თვეების გადასახადზე ისაუბრეს. ნამდვილად ვიცი, რომ ზამთრის მომარაგებაზე [ელექტროენერგიის] იყო საუბარი. საუბარი შეეხო გამრიცხველიანებას", - განაცხადა ენგურჰესის თანამშრომელმა.

დეტალების დასაზუსტებლად "ენგურჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელსაც დავუკავშირდით, თუმცა BMG-ის ზარებს ის არ პასუხობს. "ენგურჰესის" დირექტორი ლევან მებონია კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ საუბარი ენგურის ექსპლუატაციას შეეხო.

ვინ შეხვდა ქრისტინა ოზგანს, რა იყო საუბრის თემა და მიაწოდებს თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებითი მოცულობის ელექტროენერგიას? კითხვით BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დღეს დილით მიმართა. პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები