ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ „სისტემურ ავარიას" უკავშირდება. ამის შესახებ ე.წ. სამინისტრომ „ტელეგრამის“ არხზე ღამის დაახლოებით 1 საათზე დაწერა.
განცხადებაში წერია, რომ „მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი აფხაზეთის რესპუბლიკის მასშტაბით“. დაახლოებით სამი საათის შემდეგ კი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ე.წ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.
ცნობისთვის, წუხელ ღამე დაახლოებით 00:10 საათზე საქართველოს მასშტაბით ენერგომომარაგება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემის განცხადებით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
“ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.




























