აფხაზეთის ე.წ. მთავრობასა და ოპოზიციას შორის პირდაპირი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა, შესაძლოა, დღესვე ჩატარდეს.
ამ დრომდე ასლან ბჟანიას გუნდსა და ე.წ. ოპოზიციას შორის პირდაპირი შეხვედრა არ გამართულა. ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას შუამავლების დახმარებით ახერხებდნენ. როგორც Apsnypress-ი წერს, ასლან ბჟანიამ ე.წ. დეპუტატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მისი ინფორმაციით, დღეს, არაუგვიანეს 18:00 საათისა (თბილისის დროით 19:00 საათი) მოლაპარაკებების დაწყება გადაწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას "ოპოზიციის" მხრიდან: ადგურ არძინბა, კან კვარჭია და ლევან მიქაა დაესწრებიან. ე.წ. მთავრობის მხრიდანაც სამი პირი იქნება წარმოდგენილი.
ცნობისთვის, "აფხაზური ოპოზიციის" ინიციატივაა, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბას შეხვდნენ. მათ ასევე სურთ, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა იყოს. როგორც რადიო თავისუფლება ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, ასლან ბჟანიამ, დღეს, "უშიშროების საბჭოს" სხდომა გამართა, სადაც უკანონო ქმედებების აღკვეთაზე კონკრეტული მითითებები გაიცა.