"რუსეთის მხარეს აქვს პოზიცია, რომ აფხაზეთის კანონმდებლობა ჩვენს პარტნიორულ ნორმებს არ პასუხობს, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობებს", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა განაცხადა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ტურიზმის შესახებ ე.წ. კანონს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, რუსი გიდების აფხაზეთში საქმიანობა ლეგალური უნდა გახდეს. მოსალოდნელ ცვლილებებს ტურიზმის სექტორი, ოპოზიცია და მოქალაქეების ნაწილი მხარს არ უჭერს.
"2016 წელს რუსეთში კანონი მიიღეს, რომელიც საექსკურსიო საქმიანობის უფლებას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს აძლევს. ჩვენს ქვეყანაში მიღებულია ცვლილებები, რომლებიც ამის უფლებას მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს აძლევს. რუსული და ჩვენი კანონი მსგავსია, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსული მოქალაქეობა აქვთ, რუსეთში საექსკურსიო საქმიანობებით დაკავება შეუძლიათ, რასაც ვერ ვიტყვით რუსებზე. მათ, საწყლებს, აფხაზეთში მუშაობა არ შეუძლიათ. ასეთი არასამართლიანი მიდგომა გამოდის მათთან ურთიერთობაში", - განაცხადა ქრისტინა ოზგანმა.
გიდების პროფკავშირი ცვლილებებს არ ეთანხმება. დიმიტრი აკუციას განცხადებით, ის აფხაზი გიდების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს.