ოკუპირებულ აფხაზეთში, საწვავის გაძვირებას ალტერნატიული არხებიდან [საქართველოდან] შეძენილი საწვავის მაღალი ფასით ხსნიან. ამის შესახებ დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ Apsny tv-ს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 15 აგვისტოდან აფხაზეთში ალტერნატიული არხებით მომარაგებული საწვავის საფასური ლიტრზე 110 რუბლამდე გაიზრდება.
„რუსეთიდან ტრადიციული მოწოდების პარალელურად, როგორც ცნობილია, გასული დღეების განმავლობაში საწვავის მოწოდება ალტერნატიული არხებითაც დაიწყო. სამწუხაროდ, ალტერნატიული არხებიდან შეძენილი საწვავის მაღალი შესასყიდმა ფასმა არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს გასამართ სადგურებზე საწვავის ფასის ფორმირებაზე. ამ მიზეზით, ალტერნატიული არხებით შეძენილი საწვავის ფასი გაიზრდება. 1 ლიტრი საწვავი გასამართ სადგურებზე 110 რუბლად გაიყიდება.
აღსანიშნია, რომ კომპანიები ამ საწვავს დამატებითი მოგების გარეშე ყიდიან.
ჩვენთვის ერთადერთ მნიშვნელოვან ამოცანად, ამ არც თუ მარტივ გარემოებაში, შიდა ბაზრის საწვავით მომარაგების უზრუნველყოფა წარმოადგენს“, - განაცხადა ბატალ მუშბამ.
12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.
13 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება სწორედ სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას შეუძლია.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის გამწვავების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებულმა სპეციალური სტატუსის მქონე კომპანია „სოლიდუსმა“ ბოლო დღეების განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში 400 ტონა საწვავი გაყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი არველაძე ამბობს, ეს აფხაზეთში საწვავის გაყიდვის პირველი შემთხვევა იყო და მოთხოვნის არსებობის პირობებში, საწვავის მიწოდებას გააგრძელებს.




























