მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებით აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულად მაროკოს ნაკრები გამოცხადდა

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია

აფრიკის თასის ფინალიდან ორი თვის შემდეგ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ფინალში სენეგალის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა (0:3) შესაბამისად, აფრიკის ერთა თასის ჩემპიონად მაროკოს ნაკრები გამოცხადდა.

სააპელაციო კომიტეტმა დააკმაყოფილა მაროკოს ფედერაციის სააპელაციო საჩივარი, რითაც გააუქმა 2026 წლის 18 იანვარს მოედანზე დაფიქსირებული შედეგი, როდესაც სენეგალმა პაპე გეიეს გოლის წყალობით დამატებით დროში 1:0 მოიგო. წესების დარღვევის გამო "ტერანგას ლომები" დამარცხებულად გამოცხადდნენ, ტიტული კი მაროკოს მიენიჭა.

CAF-ის სააპელაციო საბჭომ გააუქმა დისციპლინური კომისიის წინა გადაწყვეტილება, რომელმაც უარყო მაროკოს სააპელაციო საჩივარი. აფრიკის ერთა თასის რეგლამენტის 84-ე მუხლის შესაბამისად, სენეგალის ეროვნული ნაკრები ფინალში დამარცხებულად გამოცხადდა - 3:0 მაროკოს სასარგებლოდ. დადგინდა, რომ სენეგალის ქმედება რეგულაციების, 82-ე და 84-ე მუხლების ფარგლებში ხვდებოდა.
გადაწყვეტილება რაბატში გამართული ფინალის ბოლო წუთებში მომხდარ მოვლენებს დაეფუძნა.
ანგარიში 0:0 იყო, მსაჯმა მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რაც სენეგალელელებმა ძალიან საეჭვოდ მიიჩნიეს. პროტესტის ნიშნად, მათ მოედანი რამდენიმე წუთით დატოვეს და გასახდელში დაბრუნდნენ. ცოტა ხანში ფეხბურთელები დაარწმუნეს, რომ მატჩის დასასრულებლად მოედანზე დაბრუნებულიყვნენ. ბრაიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგ გეიემ დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რამაც სენეგალს მოაგებინა.

თუმცა, CAF-ის თანახმად, სწორედ მოედნის დატოვება წარმოადგენდა გადამწყვეტ დარღვევას: "სენეგალის ფედერაციამ, თავისი გუნდის საქციელით, დაარღვია რეგლამენტის 82-ე მუხლი", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

82-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ გუნდი, რომელიც მოედანს ნებართვის გარეშე ტოვებს, დამარცხებულად მიიჩნევა, ხოლო 84-ე მუხლი ადასტურებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, CAF-მა მიიჩნია, რომ სენეგალის ნაკრების საქციელი 82-ე და 84-ე მუხლების ფარგლებში ხვდება.

გადაწყვეტილება წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას ტურნირის უახლეს ისტორიაში, რამაც მყისიერად გამოიწვია რეაქციები და დისკუსიები საერთაშორისო დონეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები