მთავრობაში საუბრობენ, რომ შესაძლოა, საქართველოში აფთიაქების ჭარბი რაოდენობა მედიკამენტების ფასებზე დამატებითი ზეწოლა იყოს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესაძლოა შემუშავდეს რეგულირების მექანიზმის, რომელი მათ შორის სააფთიაქო ქსელებს გეოგრაფიულ, ტერიტორიულ შეზღუდვებს დაუწესებს.
სააფთიაქო ქსელებისთვის გეოგრაფიული შეზღუდვების დაწესება, კომპლექსური რეფორმის გარეშე, მედიკამენტების გაიაფების გარანტი ვერ გახდება - ამის შესახებ ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტმა, თინათინ ტურძილაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში აფთიაქები „მაღაზიებად“ არის ქცეული, რაც წამლების არარაციონალურ მოხმარებას ხელს უწყობს.
წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ტერიტორიული შეზღუდვა შედეგს არ მოიტანს. მისი თქმით, ფასების რეალური კლებისთვის აუცილებელია მთლიანი სისტემის ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს დაზღვევის ანაზღაურების გამართულ სისტემას, ციფრულ (IT) ტექნოლოგიებს; ფარმაქეარის“ (ფარმაცევტული ზრუნვის) დანერგვას და რეცეპტის ინსტიტუტის სრულყოფას.
“აფთიაქების გეოგრაფიული რეგულირება თითქმის ყველა ქვეყანაშია. მაგალითად, არის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, რომელმაც საერთოდ ახლა, 2020 წელს განაახლა და ახალი რეფორმა ჩაატარა. რა თქმა უნდა, გეოგრაფიული არეალი დადგენილია და ეს არის ურბანულ უბნებში განსხვავებული და სოფლად განსხვავებული. მაგალითად: 200 მეტრი დაშორება, 300 მეტრი დაშორება - ანუ მომხმარებელს რომ არ გაუჭირდეს აფთიაქში მისვლა და ის ზედმეტადაც წახალისებული არ იყოს... ეს ყველაფერი არის კომპლექსში გასააზრებელი.
საქართველოში კონცენტრაცია ძირითადად ურბანულ ზონებშია, ანუ თბილისში. თორემ არის მთელი რიგი სოფლები და დასახლებები, სადაც საერთოდ არ არის აფთიაქი. ანუ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გეოგრაფიული მოცვა გვაქვს პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამ ჩვენი სიჭარბით. არა, სიჭარბე არის ქალაქებში და ერთმანეთის გვერდზე მიყოლებული - ეს არის ქალაქებში.
ახლა რა ხარვეზი აქვს ამას? ხარვეზი არის არა მარტო ფასი, არამედ წამლების არარაციონალური მოხმარებაც.
მაგალითად საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი — ამ ქვეყნებში აფთიაქების მფლობელობა არის შეზღუდული. აფთიაქების მფლობელები არიან მხოლოდ ფარმაცევტები, ან საკონტროლო პაკეტია მათი. დანიაში საერთოდ სახელმწიფოა მფლობელი, უბრალოდ ლიცენზიას აძლევს ფარმაცევტებს. ანუ იმდენად პროფესიულია ეს სეგმენტი, რომ ამის მაღაზიად გაშვება არის დაუშვებელი. ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - გვაქვს მაღაზიები და გვაქვს უკონტროლო გაცემა ამ მედიკამენტების.
ანუ აფთიაქში რომ მოხვდები, ჩვეულებრივად იღებ კონსულტაციას არა იმას, რაც „ფარმაქეარით“ უნდა იყოს, არამედ იმას, რის გაყიდვაც უნდა ამ კომპანიის მფლობელს. იმიტომ, რომ თვითონ ფარმაცევტები ბონუსებს იღებენ იმის მიხედვით, გაყიდიან თუ არა მათთვის პრიორიტეტულად ჩამოწერილ მედიკამენტს.
იმისთვის, რომ ფასები შემცირდეს, მარტო გეოგრაფიული რეგულაცია არ უშველის. ამას სჭირდება მთელი პაკეტი. მაგალითად გერმანიაში ეს პაკეტი არის: გეოგრაფიული რეგულაცია, დემოგრაფიული რეგულაცია, ძალიან გამართული ანაზღაურების სისტემა, IT სისტემები, „ფარმაქეარი“, რეცეპტის ინსტიტუტი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კომპლექსი. ამიტომ საქართველოს რაც სჭირდება, ეს არის არა მარტო გეოგრაფიული რეგულაციის გზით წასვლა, არამედ მთლიანი სააფთიაქო რეფორმის უზრუნველყოფა.
დღეს წარმოიდგინეთ, რომ ფარმაციის სპეციალობა ეს არის არარეგულირებადი სპეციალობა. პრაქტიკულად ჩვენ არ გვყავს იმდენი ფარმაცევტი, რომ 3000 აფთიაქში იყოს დასაქმებული და უკვე აქედანაც ჩანს, მარტო სპეციალისტებით რომ წავიდეს რეგულირება, აფთიაქები ისედაც განახევრდებიან.



























