აფთიაქებისთვის კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებული მსჯელობა ისევ მსჯელობის ფორმატში რჩება. ამის შესახებ BM.GE-ის კითხვაზე საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს.
სამინისტრო ფარმინდუსტრიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე ათეულ კომპონენტს მოიცავს. როგორც სერგეენკო გასულ წელს აცხადებდა, დოკუმენტში მოიაზრებოდა მათ შორის ვერტიკალური ინტეგრაციის გაუქმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ შეეძლებოდა კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობა.
აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვერტიკალური ინტეგრაციის საკითხი კანონპროექტის ნაწილი არ არის და მასზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა.
"ახალი კანონპროექტი ზოგადად ფარმინდუსტრიის შესახებ მართლაც მუშავდება. იყო მსჯელობა, მე ვერ დავადასტურებ რომ კანონპროექტის ნაწილი არის, რომ ე.წ ვერტიკალური ინტეგრაცია ერთიდაიგივე სუბიექტის მიერ სხვადახვა ინდუსტრიების ფლობა აკრძალულიყო, ამაზე იყო მსჯელობა, თუმცა ეს მსჯელობის ფორმატში რჩება და არა კანონპროექტის ნაწილად’’-განუცხადა დავით სერგეენკომ BM.GE-ს.
სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია "გლობალ ალიანსს კონსალტინგს" ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის.

























