მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტებში საწვავის არამიზნობრივი მოხმარების ფაქტები გამოვლინდა

5c07b9e15250e
თამუნა დემეტრაშვილი
05.12.18 15:34
1314
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტებში საწვავის არამიზნობრივი და უყაირათო მოხმარების რისკებზე საუბრობს.

ამის შესახებ საუბარია, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის დოკუმენტში, რომელიც უწყებების 2017 წლის საქმიანობას მოიცავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დევნილთა საქმეების, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტებში, საწვავის ხარჯების მაკონტროლებელი სისტემა სუსტია.

აუდიტის სამსახური საწვავის აღრიცხვის ჟურნალების, ავტომანქანების გადაადგილების მკაცრ კონტროლსა და საწვავის დაწესებული ლიმიტების დაცვას მოითხოვს.

დოკუმენტში დარღვევების კონკრეტული ფაქტებიცაა აღწერილი.

კერძოდ, დევნილთა დეპარტამენტში, აღრიცხვის ჟურნალით ვერ დადასტურდა სამორიგეო მანქანების გამოყენების და მათი გაყვანის დანიშნულება, გარდა ამისა, მოხმარებული საწვავის 50% ჩასხმულია არასამუშაო დროს, სადღესასწაულო დღეებში და საქართველოს სხადასხვა რეგიონებში, მაშინ როცა არცერთი თანამშრომელი მივლინებაში არ იმყოფებოდა.

,,უფრო მეტიც, ჟურნალში ფიქსირდება ერთი შემთხვევა, როდესაც თანამშრომლები აღნიშნული მანქანით უნდა ყოფილიყვნენ ქ.თბილისში, ისნის რაიონში (10:30 სთ-დან 14:30 სთ-მდე), ბენზინის ჩასხმა კი, დაფიქსირდა სამტრედიაში − 11:12 სთ-ზე“-ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურში ეჭვობენ, რომ აღრიცხვის ჟურნალის გამოყენება მხოლოდ ,,ფორმალურად“ ხდება.

იუსტიციის დეპარტამენტში კი, საწვავის დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბეს და როგორც აუდიტის დოკუმენტშია ნათქვამი, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღეში, საკუთარი ბრძანებით, დაწესებული ლიმიტი გაზარდა და უკვე გაწეული საწვავის თანხას მიუსადაგა.

ანალოგიურ ქმედებას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, სადაც საწვავის ლიმიტი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბრძანებით 8-ჯერ შეიცვალა.
,,აღნიშნული ფაქტი მიუთითებს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში საწვავის მოხმარების კუთხით არსებული კონტროლის მექანიზმის სისუსტეებზე, რაც ქმნის საწვავის არაეფექტიანი და და არაეკონომიური მოხმარების რისკებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები