მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის მთავრობა უმოქმედოა, ფულს საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავს - გელა ხასაია

63e264a673e5a
გიგა ბენია
08.02.23 00:15
2237
მიმდინარე წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა. თუ 2022 წელს ბიუჯეტის ხარჯები 24 მილიონ 568 ათასი ლარი იყო, წელს აღნიშნული თანხა 27 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია. აქედან 12 მილიონ ლარამდე თანხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელფასებში დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ა/რ მთავრობას 2020 წლის შემდეგ, საქმიანობის ანგარიში არ გამოუქვეყნებია. კითხვაზე, რას აკეთებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილების დასაცავად, უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიღწეულ საკითხებზე ვერ ისაუბრებენ.

„აფხაზეთის ა/რ მთავრობა საქმიანობის ანგარიშის არ გამოქვეყნებით, საკუთარი უმოქმედობის გადაფარვას ცდილობს“,- ამის შესახებ „აფხაზური ამბების“ დამფუძნებელი, გელა ხასაია აცხადებს. აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზურ ამბებზე მომუშავე ორგანიზაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ნაწილში მცხოვრები დევნილები აფხაზეთის ა/რ მთავრობის არსებობას ვერ გრძნობენ.

„მთავრობა, რომელიც ყველაზე ახლოს უნდა იყოს დევნილებთან, აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებთან, სინამდვილეში, ძალიან შორსაა. რომელიმე დევნილი მაინც რომ ამბობდეს, რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ბოლომდე ვერ აკეთებენო, ვიტყოდი, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ აფხაზეთის მთავრობა საქმიანობის ანგარიშებს არ გვაცნობს. თითქოს უსაფრთხოების საკითხით, აფხაზეთის ა/რ მთავრობა მანიპულირებს, რათა საკუთარი უმოქმედობა და კორუფციული ფაქტები გადაფაროს“,-აცხადებს გელა ხასაია.

„აფხაზური ამბების“ დამფუძნებელი აფხაზეთის ა/რ მთავრობას უკრაინის ომის ფონზე, საკუთარი პოზიციის არ დაფიქსირების გამოც აკრიტიკებს.

"როცა უკრაინის ომი დაიწყო, უწყებას მკაფიო რეაქცია უნდა ჰქონოდა. აფხაზეთის ა/რ მთავრობა იმ ადამიანების ხმაა, რომლებიც ხმამაღლა ვერ საუბრობენ. მათ უნდა ეთქვათ, რომ ომს ემიჯნებიან. უნდა აღენიშნათ, გზა, რომელსაც ახლა უკრაინელები გადიან, აფხაზეთსა და ცხინვალში გაიარეს. აღნიშნული, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ“,- აცხადებს გელა ხასაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები