ისმაილიტი მუსლიმების სასულიერო ლიდერი, Aga Khan Development Network-ის მილიარდერი დამფუძნებელი, აღა-ხან IV 88 წლის ასაკში ლისაბონში, პორტუგალიაში გარდაიცვალა.
პრინცი კარიმ აღა ხანი 49-ე მემკვიდრეობითი იმამი იყო ისმაილიტი მუსლიმებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მუჰამედის პირდაპირი შთამომავლები არიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი აღა ხანი საკუთარ სახლში, მშვიდ ვითარებაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრების გარემოცვაში.
აღა ხანი შვეიცარიაში დაიბადა, იყო დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, საცხოვრებელი კი საფრანგეთში ჰქონდა. აღა ხანის საქველმოქმედო ორგანიზაცია ასობით საავადმყოფოს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს აფინანსებდა, რომელთა ძირითადი ნაწილიც განვითარებად ქვეყნებში ტარდებოდა.
The Aga Khan Development Network-ის ოფიციალურ განცხადებაში, ფონდი პრინცის ოჯახის წევრებსა და ისმაილიტთა საზოგადოებას სამძიმარს უგზავნის.
“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა გავუუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ადამიანებსა და თემებს მსოფლიოს მასშტაბით, ზუსტად ისე, როგორც ამას თავად ისურვებდა, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებებისა და წარმომავლობისა”, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღა ხანის მემკვიდრეს კომპანიაში მალე გამოაცხადებენ.
Forbes-ის თანახმად, აღა ხან IV-ის ქონება 2008 წელს $1 მილიარდად იყო შეფასებული. ქონების ნაწილი მან მემკვიდრეობით მიიღო და თავად დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია. მანვე დააფუძნა და დააფინანსა თავისივე სახელობის პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, MIT-სა და ჰარვარდში. აღა ხანის სახელს უკავშირდება Nation Media Group-ის დაფუძნებაც, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში წამყვან დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციად იქცა. მისი გავლენის შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ცხენების მოშენებას უკავშირდება. იგი ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ირლანდიაში სარბოლო ცხენების უდიდეს სელექციონერად იქცა. თავადვე ფლობდა ერთ დროს სამყაროს ყველაზე ცნობილ და ძვირად ღირებულ ცხენ შერგარს.

























