„აგარის შაქარი“ კიდევ გაჩერდა - 400-მდე დასაქმებული უმუშევარი დარჩა. ქარხნის გაჩერების დეტალურ მიზეზებზე bm.ge-თან კომპანიის გენერალური დირექტორი ალხან ალიზადე არ საუბრობს.
“400-მდე თანამშრომლის გაშვება მოგვიწია... მეტ დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებ, წარმოება გაჩერებულია, არ ვიცი როდის აღდგება”, - აცხადებს ალიზადე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა.
კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა.
ბოლოს ქარხანამ მუშაობა გასული წლის 1 ივნისს განაახლა. მაშინ ითქვა, რომ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, „აგარის შაქარსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ შეთანხმების დეტალებზე მაშინაც არავინ საუბრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ საწარმოს, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაუწესეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ "საქართველოს რკინიგზამ" "აგარის შაქარს" სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი გადაუანგარიშა და შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფი 1 ტონა ტვირთზე 3,58 აშშ დოლარამდე შეუმცირა.
„მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა“, - აცხადებდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2018 წლის ივნისში.
"მე მგონი, აგარის ქარხანამ დაიწყო მუშაობა. ეს არის მთავარი", - აცხადებდა ყოფილი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გასული წლის მაისში.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი პირები „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებდნენ, bm.ge-მ სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური წერილებით მიმართა.
ირკვევა, რომ “აგარის შაქარსა” და მთავრობას შორის არსებული შეთანხმების შესახებ მთავრობა ინფორმაციას არ ფლობს და უწყებებს, რომლებიც მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებად სახელდებოდნენ, ინფორმაცია არ მოეპოვებათ ან არ საუბრობენ.
bm.ge-მ ოფიციალური წერილით თავდაპირველად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში მიმართა; მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობაში გადაგვამისამართა.
მორიგი ოფიციალური წერილი უკვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სააგენტომ 2019 წლის თებერვალში გაგზავნა.
ჩვენ გვაინტერესებდა:
1. რა შეთანხმება შედგა "აგარის შაქრის“ ქარხნის მფლობელ კომპანია „აზერსუნსა“ და საქართველოს მთავრობას შორის?
2. როგორ მოახერხა ქარხანამ 1 ივნისიდან მუშაობის გაგრძელება?
3. სარგებლობს თუ არა რაიმე ტიპის შეღავათით „აგარის შაქრის“ ქარხანა მას შემდეგ, რაც კომპანიასა და მთავრობას შორის შეთანხმება შედგა და თუ სარგებლობს, რა ტიპის შეღავათებია ეს?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხი Bm.ge-მ მთავრობის ადმინისტრაციიდან ვერ მიიღო, მათ წერილი შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადაამისამართეს, მაგრამ კითხვებზე დეტალური პასუხები ვერც მათგან მივიღეთ;
თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილში ნათქამია, რომ საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გადასახადის გადამხდელთან ფორმდება საიდუმლოებას წარმოადგენს.
“შემოსავლების სამსახურს არ მოეპოვება ინფორმაცია, თქვენ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, გაცნობებთ, რომ სსკ-ის 60-ე მუხლის შესაბამისად, ცალკეულ პირზე ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათის დაწესება იკრძალება. სსკ-ის 292-ე ითვალისწინებს საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის. სსკ-ის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაცია, კერძოდ, გაფორმებულია თუ არა საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელთან, განეკუთვნება საიდუმლოებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია სხვა პირს იმ შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს, თუ იარსებებს გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვა”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ წერილში.
„აგარის შაქრის კომპანია“ ამჟამად ისევ გაჩერებულია.

























