მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, სავარაუდოდ, თვეში საშუალოდ 20 ლარი ეღირება. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილის კოკა მანჯგალაძის განცხადებით, ახალი რეგულაცია ავტომფლობელებს გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს აარიდებს, სადაზღვევო სექტორი კი გზებზე მომხდარი ავარიების დროს დაძაბულობისა და კონფლიქტების მართვას საკუთარ თავზე აიღებს. მისი თქმით, კანონპროექტის ბოლო რედაქციით, დაზღვევა დაფარავს როგორც მესამე პირის ჯანმრთელობისა და ქონების ზიანს, ისე იმ შემთხვევებსაც, როდესაც დამნაშავე მხარის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
“პოლისის ღირებულების განსაზღვრა თუ რა იქნება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს. იქნება ფაქტობრივად ტარიფი, რომლის ცოდნაც ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ სახელმწიფოს და ვუთხრათ, თუ რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ პოლისის ღირებულება. ვფიქრობ, რომ მისი ღირებულება თვეში დაახლოებით 20 ლარი, წელიწადში 240-დან 300 ლარამდე უნდა იყო და ალბათ ასეც იქნება. ეს მნიშვნელოვან ხარჯებს ააცილებს ავტომფლობელს, რაც იქნება ყველაზე მთავარი. ანუ აღარ იქნება ქუჩაში დაძაბულობები, ადამიანების კონფლიქტები და ასე შემდეგ. ამ პრობლემებს მოაგვარებს სადაზღვევო სექტორი.
რაც შეეხება რისკებს - ფაქტობრივად ყველა იმ რისკს, რასაც უნდა ფარავდეს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ამ ყველა რისკს მოიცავდა ის დოკუმენტი, რაზეც ბოლო რედაქციით გვქონდა საუბარი. ეს იქნებოდა მანქანის მფლობელის მიერ ადამიანისთვის მიყენებული ზიანი თუ მანქანისთვის ან უძრავი ქონებისთვის მიყენებული ზიანი. მეტიც, საუბარი იყო ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არც კი იქნებოდა დამნაშავე პირი და ისე მიადგებოდა ზიანი ან ადამიანს, ან მესამე პირს და ასე შემდეგ. ეს რისკებიც უნდა აიღონ სადაზღვევო კომპანიებმა თავის თავზე, ბოლო რედაქციით ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი.”- ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე კოკა მანჯგალაძე.




























