მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აღარ ვაპირებ ამერიკის საელჩოსთან პირის ამოკერვას... ბიძინა ივანიშვილს ვთხოვ, პროცესში ჩაერთოს“ - რას ითხოვს შუქრუთის მოსახლეობა?

სს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან დღეს კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათი განცხადებით, მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო მათ სახლებს დანგრევა ემუქრება და ამის სანაცვლოდ, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე Bm.ge-სთან ამბობს, რომ მოსახლეობა გამოუვალ სიტუაციაშია, რადგან მიწისქვეშა სამუშაოების გამო ნგრევის პროცესი უკვე დაწყებულია და უსახლკაროდ რჩებიან. ისინი ითხოვენ, რომ შეფასდეს მათ კუთვნილებაში არსებული ქონება და შესაბამისი საცხოვრისით დაკმაყოფილდნენ.

„წიაღის მოპოვების კანონში წერია, რომ როდესაც დასახლებულ პუნქტში მადნის თუ ნებისმიერი ნედლეულის მოპოვება მიმდინარეობს წინასწარ უნდა მოხდეს მოსახლეობასთან კანონიერი შეთანხმება, აქ კი ჩვენ დაუკითხავად შემოვიდნენ და მუშაობა დაიწყეს. ვითხოვთ, კანონიერი ხელშეკრულება გააფორმონ, რომ მოვიდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და შეაფასოს რაც ჩვენ საკუთრებაშია, რათა ჩვენ სხვაგან შევქმნათ ანალოგიური საცხოვრისი და ჩვენი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა მოხდეს“, - განაცხადა მან.

შუქრუთის მკვიდრი ამბობს, რომ ისინი კომპანიის წარმომადგენელს რამდენიმე კვირის წინ შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. როგორც გიორგი ნეფარიძე გვიყვება, კომპანიაში სიტუაციაში გარკვევა ითხოვეს, რისი დროც მოსახლეობამ მისცა, თუმცა აქამდე პასუხი არ მიუღიათ.

„ამ შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება შევიტანეთ კომპანიაში, მუნიციპალიტეტის მერიაში და ყველგან, სადაც უნდა შეგვეტანა და 10 სამუშაო დღე ველოდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა“, - განმარტავს იგი.

გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ პროტესტს მანამ გააგრძელებენ, მანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. იგი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, ბიძინა ივანიშვილთან მივა.

„ჩვენ მეზობლად არის ჭორვილა და აღარ ვაპირებ ამერიკის საელჩოსთან ჩამოსვლას და პირის ამოკერვას ავალ მეგობრულად, თხოვნით ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომ იქნებ როგორმე მან მაინც მოგვიგვაროს პრობლემა. ჩვენ ყველანაირ ღონეს მივმართავთ. თუ კომპანია პასუხისმგებლობას აირიდებს, მაშინ მას სახელმწიფომ უნდა ააღებინოს პასუხისმგებლობა ან კეთილი ინებოს და ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და სახელმწიფომ მოაგვაროს ჩვენი პრობლემები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მანამდე მუშა პროცესი შეჩერებული იქნება.

რაც შეეხება აქციის მასშტაბებს , იგი ამბობს, რომ დღეს 100-მდე ადგილობრივი იყო გამოსული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები