საქართველოში მომდევნო ორი თვის განმავლობაში, საქონლის ხორცის ფასის, მინიმუმ 20-25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ BM.ge-სთან ინტერვიუში ფერმერმა გურამ ბიჭიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფასების მატება პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებასთან, რაც თავის მხრივ მეზობელ ქვეყანაში დაავადებების გავრცელებითაა გამოწვეული.
ფერმერი ირწმუნება, რომ რუსეთიდან საქართველოში პირუტყვი უკვე ორ თვეზე მეტია აღარ შემოსულა. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინიდან იმპორტი ლოგისტიკური სირთულეების გამო ფაქტობრივად შეწყვეტილია, ბაზარზე დეფიციტის შექმნა გარდაუვალია.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოში რუსეთიდან 565.1 ათასი აშშ დოლარის 178.2 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიდა, თუმცა თებერვალში იმპორტი მკვეთრად 80%-ით არის შემცირებული. მარტის მონაცემები კი ხელმისაწვდომი 19 აპრილს იქნება.
"ორ თვეზე მეტია, რუსეთიდან ერთი სული პირუტყვიც არ შემოსულა საქართველოში. უკრაინიდან ისედაც არ შემოდიოდა და ძალიან იშვიათად, გემით თუ შემოიყვანდი, რადგან ლოგისტიკურად ფაქტობრივად გამორიცხული იყო მისი შემოყვანა. შესაბამისად, უახლოეს ერთ-ორ თვეში მინიმუმ 20–25%-იანი ფასის ზრდაა მოსალოდნელი - ვამბობ მინიმუმს. აღდგომის შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გახდება შესამჩნევი და ფასში ყოველდღიური ცვლილება იქნება.
ჩვენ უბრალოდ კულუარული წყაროებით ვიცით, რომ რუსეთში პასტეურელოზია გავრცელებული. ეს იქნება მიზეზი, რაც ფასებს გაზრდის. სავარაუდოდ, დეფიციტიც შეიქმნება ადგილობრივ ბაზარზე", - განაცხადა ფერმერმა.
ბიჭიაშვილი ადგილობრივი წარმოების პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინფრასტრუქტურული მზაობისა, ქვეყანაში მოზარდი საქონლის დეფიციტია.
"რა თქმა უნდა, თუ რუსეთიდან საქონელი არ შემოვა, ადგილობრივი წარმოება ამას ვერ დააკმაყოფილებს, ეს გამორიცხულია. მაგალითად, მე ამ ეტაპზე ფიდლოტი [სივრცე, სადაც საქონლის სწრაფი გამოკვება და ხორცის წარმოება ხდება] მზად მაქვს, მაგრამ მოზარდი საქონელი ვერ ვშოულობ, რომ დავაყენო. ამ დროისთვის ფერმა 2 000 სულზე მაქვს გამზადებული, თუმცა მოზარდი საქონელი ფიზიკურად არ არის საქართველოში. ამასთან, საქართველოდან მოზარდ საქონელი მაინც იყიდება, თანაც არაბულ ქვეყნებში, რაც ამ სფეროსთვის ფაქტობრივად, დამღუპველია“, — აღნიშნავს ფერმერი.
რუსეთის ფედერაციაში ცხოველთა ინფექციური დაავადებების გამო ვითარება ამ დროისთვის არასტაბილურია. კერძოდ, ნოვოსიბირსკის ოლქში ცოფისა და პასტერელოზის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აღნიშნული საფრთხეების გამო, 2026 წლის 13 მარტიდან ბელარუსის რესპუბლიკამ რუსეთის რიგი რეგიონებიდან პირუტყვის, ხორცისა და სხვა ცხოველური პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. აღსანიშნავია, რომ ბელარუსი საქართველოსთვის საქონლის ხორცის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია.
შექმნილ ვითარებაზე განმარტებას აკეთებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოც. უწყების ცნობით, ქვეყანაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტი მკაცრად კონტროლდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვეტერინარული მანიპულაცია ტარდება.




























