კომპანია „სავანეთის“ დირექტორი ვეფხია ჯაჭვაძე, კვერცხის სარეალიზაციო ფასის შესაძლო მატებას არ გამორიცხავს. მისი განმარტებით, ფასების სამომავლო კორექტირება საწვავისა და ნედლეულის მზარდ ღირებულებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული.
მწარმოებლის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში მომხმარებლებისთვის ფასები უცვლელი დარჩება, რადგან კომპანია ტრადიციულად მომხმარებლის ინტერესებს იცავს.
“სააღდგომოდ არაფერი შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, არასდროს არ ვცვლით სააღდგომოდ ფასებს და არც ახლა შეიცვლება, იმიტომ რომ მომხმარებლის ინტერესებს ვიცავთ ყოველთვის.
მოგების ხარჯზე ჩვენ იანვარში პროდუქტი 1 ცალი კვერცხი 2.5 თეთრით გავაიაფეთ. სამომავლოდ, შევხედავთ ფასები როგორ წავა... ნედლეული რა ფასში იქნება... საწვავის ფასი იმატებს, ნედლეული ძვირდება.
თუ ნედლეულის ფასი ძალიან მაღლა აიწევს, სავარაუდოდ, შეიძლება ისევ გაძვირება მოგვიწიოს. აღდგომამდე ყოველ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება და შემდეგ შევხედავთ”, - აცხადებს ვეფხია ჯაჭვაძე.
„სავანეთის“ დირექტორმა ასევე ისაუბრა იმპორტირებული პროდუქციის მხრიდან არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე. მისი თქმით, თურქეთიდან შემოსული იაფი პროდუქცია ადგილობრივ წარმოებას აზიანებს, რადგან ქართველ მწარმოებლებს კონკურენციის გასაწევად ფასების ხელოვნურად, ხშირად კრიტიკულ ზღვარზე დაბლა დაწევა უწევთ.
“მაგალითად ვინც თურქეთში საქონელს ეზიდება გადამზიდველები... იქიდან მოაქვთ უკანა გზაზე ან კვერცხი ან სხვა რაღაც. რომელიც მერე სამწუხაროდ, ადგილობრივ წარმოებას აზიანებს. გვიწევს ადგილობრივ წარმოებას ფასის დაწევა, რომ გავუწიოთ კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციას, იმაზე დაბლა გვიწევს ფასების დაწევა, ვიდრე შესაძლებელია.
ალბათ, შესაბამისი სტრუქტურების მოსაკვლევია - რა ფასით შემოდის ეს საქონელი. ბევრს ვერ გეტყვით მაგაზე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არასწორი ფასით შემოდის. ვერ იქნება ის ფასი, რა ფასიც უწერიათ დეკლარაციებში”, - ამბობს “სავანეთის” დირექტორი ვეფხია ჯაჭვაძე.




























