24-25 ნოემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეიზღუდება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის (GGTC) განცხადებით, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლების გამო გადაიდო.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუფერხებლად გაგრძელდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა ბაკურიანში.
შეზღუდვა აღარ შეეხება დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსაც, მათ შორის - საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულს, ზესტაფონს, ამბროლაურს, ქუთაისს, წყალტუბოს, ბაღდათს, სამტრედიას, აბაშას, სენაკს, ხობს, ზუგდიდს, წალენჯიხას, ფოთს, ლანჩხუთს, ჩოხატაურსა და ოზურგეთს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
კომპანიის განცხადებით, სამუშაოების ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოსახლეობას ამის შესახებ წინასწარ აცნობებენ.
























