მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება. აღმოსავლეთ საქართველოში ამ ეტაპისთვის 12 000 ჰა ფართობია დამუშავებული.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს ადგენენ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.
"ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადი და რაოდენობა - შემცირებულია", - აცხადებენ სააგენტოში.
იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.




























