ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობამ იმატა. ამის მიზეზად bm.ge-სთან ინტერვიუში შიოლაშვილმა გამკაცრებული აღსრულება დაასახელა.
მისი თქმით, კამერები ძირითად შემთხვევაში უკვე ჩართულია, რაც დადებითად აისახა ტექინსპექტირების მაჩვენებლებზე.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აუცილებელია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამართული აღჭურვილობა იყოს, რადგანაც პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა და საბოლოო ჯამში, რეფორმის წარმატებაც. ახლა რადგანაც, აღსრულების ნაწილი გამკაცრდა და ჭკვიანი კამერები ჩაირთო, შესაბამისად, ეს აისახა მიმართვიანობაზე, რაც საკმაოდ მომატებულია“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
რაც შეეხება ტექინსპექტირების საფასურის ცვლილებას, შიოლაშვილის თქმით, ამ კუთხით ჯერჯერობით სიახლე არ არის.
„საფასო პოლიტიკა არ არის ჯერ გადახედილი, საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ ფასები გადაიხედება“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის ხელმძღვანელი მომსახურების საფასურის ზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს. როგორც მან აპრილში განაცხადა, "7 წლის წინ დადგენილი საფასურით დღეს ოპერირება ბიზნესს ძალიან უჭირს". შიოლაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობასა და სექტორს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა ასოციაციას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ტექდათვალიერებაზე ფასების ზრდა ინსპექტორებისთვის ანაზღაურების გასაზრდელად არის საჭირო, რადგან სექტორში კვალიფიციური კადრების გადინების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.




























