აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წავკისში ნიკა გილაურის საკუთრებაში არსებული სახლი აუქციონზე 3.998 მილიონ ლარად გაყიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა.
ქონების თავდაპირველი აუქციონი 2026 წლის 12 ივნისს გამოცხადდა. აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 3.657 მილიონი ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა უშედეგოდ დასრულდა.
ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განმეორებითი აუქციონი გამოაცხადა. ამ შემთხვევაში საწყისი ფასი 487 600 ლარამდე შემცირდა, რაც ქონების შეფასების ღირებულების — 4.876 მილიონი ლარის — 10%-ს შეადგენდა.
განმეორებითი აუქციონი 16 ივლისს გაიმართა. ვაჭრობის შედეგად, 72 ბიჯის შემდეგ, ქონების საბოლოო ფასი 3 998 320 ლარამდე გაიზარდა.
აუქციონზე გატანილი ქონება მოიცავდა 3 368 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და 1 157 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელ სახლს. ქონების აღწერაში ასევე მითითებული იყო ეზოში არსებული აუზი, ჩოგბურთის კორტები და ფარეხი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქონების ახალი მესაკუთრე ვანო სტურუაა. ბიზნესმენი რესტორნების ქსელებს „თაღლაურასა“ და „მაჭახელას“ ფლობს და სხვა კომპანიებშიც აქვს მონაწილეობა.
სააღსრულებლო მასალების თანახმად, ნიკა გილაურის სახლის იძულებით გაყიდვა სასამართლო დავას უკავშირდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 12 თებერვალს გილაურსა და მის კომპანიებს ყოფილი ბიზნესპარტნიორის, „ბლექსი გრუპის“ სასარგებლოდ 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება გილაურის მხარემ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა ზემდგომმა ინსტანციებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ამის შემდეგ გილაურისა და მისი პარტნიორების ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გასატანად მომზადდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, წავკისში მდებარე ეს სახლი 2018 წლიდან ნიკა გილაურის სახელზე რეგისტრირებული ერთადერთი საცხოვრებელი ქონება იყო საქართველოში, რომლის რეალიზაციით მიღებული თანხა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაჩენში დაკისრებული კომპენსაციის ანაზღაურებისთვის მიმართა.




























