სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ცალკეულ მოსამსახურეებს მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება. შესაბამისი ცვლილების შეტანას მთავრობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში გეგმავს. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტისთვის წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალს მოიცავს.
როგორც მთავრობა ირწმუნება, კანონპროექტით მოწესრიგდება წოდების მქონე მოსამსახურეთათვის (მათ შორის აღსრულების პოლიციელთათვის) შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების საკითხები. ამასთანავე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ანალოგიური სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა ორგანოს მოსამსახურეების მსგავსად, სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემდეგ უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით.
გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებას კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც.
"გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტით წესრიგდება შემთხვევა, როდესაც, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ჩატარებული პირველი და ორი განმეორებითი აუქციონი უშედეგოდ კანონპროექტით მოწესრიგდება პრაქტიკაში გამოვლენილი, სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც", - წერია სამთავრობო გეგმაში.
ამასთან, გეგმაში აღნიშნულია ისიც, რომ ამავე "კანონპროექტით მოწესრიგდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული საკითხებიც", თუმცა, კონკრეტულად რა, ჯერ არ არის მითითებული.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.



























